“ევროპული საქართველო” ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში მოსმენას არ დაესწრება

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მოსმენას არ დაესწრება.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და საჯაროდ დასვა კითხვები, რომელზე პასუხიც ჯანდაცვის მინისტრისგან სურს მოისმინოს.

„მინდა, საჯაროდ მივმართო მინისტრ ტიკარაძეს 520 დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია ექიმებისა და ექთნების ნაწილის სახლში გაშვება, ხოლო ნაწილისთვის ხელფასის შემცირება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შეიძლება მტკივნეულად აისახოს როგორც პაციენტის მკურნალობის ხარისხზე, ასევე პაციენტისა და მისი ოჯახის ჯიბეზე.

პირველ რიგში, მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რას უპირებს 520 დადგენილებას, აპირებს თუ არა მის შეჩერებას, როგორც ამას სამედიცინო სექტორი მოითხოვს და როგორც ეს ფართო საზოგადოების ინტერესშია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, კითხვები ასევე შეეხება მედიკამენტების გაძვირებას, საარსებო შემწეობის მოხსნას, „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებას და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის შეფასების სოციალურ მოდელს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „მინისტრის საათია“ დაგეგმილი, სადაც დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ. მინისტრი დეპუტატებს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს და მათ კითხვებს უპასუხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად