“ევროპული საქართველო”: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადავდივართ

ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

“ეს წესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასა და მერიტოკრატიის დაფუძნებას, რაც თანამედროვე, დინამიური და დასავლური ტიპის პარტიისთვის აუცილებელია. ევროპული საქართველოს წევრები დაფუძნების დღიდან სწორედ ასეთი პარტიის შექმნას ვცდილობთ. სწორედ შიდა პარტიული დემოკრატიაა აუცილებელი, რათა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დემოკრატიას მთელ ქვეყანაში მივაღწიოთ.
ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში თითქმის ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დასუსტდა. ამ პირობებში აუცილებელია ხელისუფლების დემოკრატიული ალტერნატივა არამარტო სიტყვით არამედ საქმითაც წარმოვაჩინოთ. ევროპული საქართველოს საპარლამენტო სიის შედგენის ახალი წესი სწორედ ალტერნატივაა ერთპიროვნული, ჩაკეტილი და ხალხის ნებისგან მოწყვეტილი პოლიტიკური პროცესის შესაცვლელად.
აღნიშნული წესის მიზანია სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და მთავარი კრიტერიუმი კონკრეტული ადამიანების მიმართ ამომრჩევლის ნდობა იყოს.
პარტიის ლიდერები, პარლამენტის წევრები, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები თანაბარ კონკურენციაში იქნებიან. გამონაკლისია მხოლოდ პარტიის თავჯდომარე, რომელიც სიის პირველი ნომერია, ახალი სახეები და კოალიციური პარტნიორები.

პარლამენტში მოსახვედრად კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს და ამ ტერიტორიულ ერთეულში მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება კანდიდატების საბოლოო რეიტინგი. კონკურენცია გაიმართება ორ კომპონენტად: პირველი – რაიონული ორგანიზაციები. მეორე – პარტიის მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატები. პარტიის ლიდერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორივე კონკურენციაში.

“ევროპული საქართველო” შეეცდება შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შევიდეს, თუმცა უარის შემთხვევაში შიდა პარტიული რეგულაციით აამოქმედებს ამ წესს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად