ევროპის ჩემპიონატზე ჭადრაკში ბელა ხოტენაშვილი ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება

ანტალიაში ქალთა შორის ჭადრაკში ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს მე-8 ტურის პარტიები გაიმართა. ლიდერთა ჯგუფში მყოფმა ერთადერთმა ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა კარგად ისარგებლა იტალიელი მარინა ბრუნელოს შეცდომით და 27 სვლაზე აიძულა იგი დანებებულიყო. ამ გამარჯვების შემდეგ ბელა ხოტენაშვილს 6 ქულა აქვს და ნახევარი ქულით ჩამორჩება პირველ-მეორე ადგილ მყოფ უკრაინელ ინა გაპონენკოს და რუს ალინა კაშლინსკაიას.

ნანა გაგნიძემ 54-ე სვლაზე შეძლო ქეთევან არახამია-გრანტის (შოტლანდია) შეუპოვარი წინააღმდეგობის დაძლევა, აიძულა იგი დანებებულიყო და 5 ქულით ლიდერებს დაუხლოვდა. ასევე 5 ქულა აქვს მერი არაბიძეს, რომელმაც დღეს სოფიკო ხუხაშვილს მოუგო.

სხვა ქართველ მოჭადრაკეებს ასეთი შედეგები აქვთ:

ნინო ბაციაშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, სალომე მელია – 4-4 ქულა თითოეულს; მირანდა მიქაძე -3,5 ქულა; ეკატერინე ფიფია – 3 ქულა

ევროპის პირველი ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის 2000 წელს ბათუმში ჩატარდა და მომდევნო წლებში საქართველო კიდევ ორჯერ იყო მასპინძელი (2011 წ – თბილისი და 2015 წ – ჩაქვი). განვლილ ჩემპიონატებში ქართველ მოჭადრაკეებს მხოლოდ ერთხელ აქვთ მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული (2017 წ – ნანა ძაგნიძე), სამჯერ მათ ვერცხლის მედლები მოიპოვეს (2013 წ – სალომე მელია; 2015 წ – ნინო ბაციაშვილი; 2018 წ – ნანა ძაგნიძე), ერთხელ კი ბრინჯაოს მედალი (2014 წ – სალომე მელია)

წლევანდელი ჩემპიონატი განვლილთა მსგავსად შვეიცარული სისტემით, 11 ტურად ტარდება და მასში პირველ 14 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიო თასის საგზურებს მიიღებენ. ჩემპიონატის გამარჯვებული 60000 ევრო საპრიზო ფონდიდან 14000 ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...