ევროპის ბაზარზე, ინდუსტრიული პროდუქტის გატანას ტექნიკური ბარიერები აფერხებს

კომპანია საქკაბელი, თითქმის ერთი წელია, რაც ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ცდილობს, თუმცა პროცესი ტექნიკური ბარიერების გამო ფერხდება. კომპანიამ, პროდუქტის სერტიფიცირებისთვის, უცხოელი ექსპერტები უნდა დაიქირავოს, რაც დროსთან ერთად, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ევროკავშირი კი, ევროპის ბაზარზე მხოლოდ სერტიფიცირებულ პროდუქტს უშვებს და აღნიშნული გზით, საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოებას იცავს.

“ევროპული ტიპის პროდუქტის წარმოებისთვის გარკვეული მოთხოვნებია, რასაც ტექნიკურად ვაკმაყოფილებთ, მაგრამ სერტიფიცირების პროცესიც არსებობს, რასაც დიდი თანხა სჭირდება. შესამოწმებლად, უცხოელი ექსპერტი უნდა მოიწვიო. თუ სერტიფიკატი არ გააკეთე, პროდუქციას ვერ შეიტან. თუ შეტანის გარანტია არ გაქვს, სერტიფიკატის გაკეთებას რა აზრი აქვს ?!

მომხმარებელს, რომელსაც ჩვენი კაბელები უნდოდა, ჰქონდა პროექტი, რომელიც დაასრულა და აღარ სჭირდება. ახლა სხვა უნდა მოვძებნოთ და სერტიფიცირების პროცესი, კვლავ დადგება დღის წესრიგში და ასე უსასრულოდ იწელება”, – აცხადებს კომპანია საქკაბელის ხელმძღვანელი, ედიშერ მამალაძე.

ევროკავშირში, ექსპორტის დროს, ერთ-ერთი ბარიერი სერტიფიცირების პროცესს უკავშირდება. კომპანიაში საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტების დანერგვის შემდეგ, უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა სერვისი/პროდუქტი შესაბამის სტანდარტს. შემოწმებას, აკრედიტებული ლაბორატორია ახორციელებს.

საქართველოში ლაბორატორიის აკრედიტაციას კი, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ატარებს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული არ არის ჯერ. შესაბამისად, ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ, პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება, შესაძლოა, ევროპამ არ აღიაროს.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ჩიტაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში, მეწარმეებმა ევროკავშირში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოებს უნდა მიმართონ.

“ინდუსტრიულ ნაწარმთან დაკავშირებით, სულ 21 ევროპული დირექტივაა. აქედან, ის დირექტივა, რომელიც კაბელებს მოიცავს, საქართველოში, ჯერ ტექნიკურ რეგლამენტად მიღებული არ არის. თუმცა, კომპანიას შეუძლია ამ რეგლამენტში განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისად აწარმოოს პროდუქცია. ევროკავშირის ბაზარზე გატანა კი, შემდეგი სქემით შეუძლია: პროდუქციაზე სერტიფიკატის მისაღებად გამოიყენოს ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში აკრედიტებული ლაბორატორიის მომსახურება და ამ სერტიფიკატით პროდუქტი ევროკავშირში შეიტანოს. შესაძლოა, მეტის გადახდა მოუწიოს, ჩვენი აკრედიტაციის სისტემის აღიარების შემდეგ კი, იმავე მომსახურებაზე დაბალი დანახარჯი ექნება”, – ამბობს გიორგი ჩიტაძე.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, არსებული ტექნიკური ბარიერების გაუქმებას ისახავს მიზნად. ბარიერების გასაუქმებლად კი, ევროკავშირის წესებთან დაახლოებაა საჭირო. ერთ-ერთი, რასაც ევროპა ითხოვს, სტანდარტების შესაბამისობაა, რითაც საზღვრავს, რა ტიპის პროდუქტი უნდა მოხვდეს ბაზარზე.

ევროკავშირში მწარმოებლები საერთაშორისო(ISO) ან ევროპულ სტანდარტებს იყენებენ. მსოფლიოში სულ 45 ათასამდე სტანდარტია. საქართველოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, დეპარტამენტს ყველა მათგანზე მიუწვდება ხელი.

“სავალდებულოა ტექნიკური რეგლამენტი ანუ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული უმაღლესი კრიტერიუმები, სტანდარტი კი წარმოადგენს გზებს, აღნიშნული კრიტერიუმების მისაღწევად. არ აქვს მნიშვნელობა, რას და როგორ აწარმოებ, მთავარია, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები დააკმაყოფილო.

ამერიკულ სტანდარტს გამოიყენებ, შიდასაწარმოო თუ ევროპულს, ეს მეწარმეზეა დამოკიდებული. ეს სისტემა შეიძლება ნებისმიერ სფეროზე გავრცელდეს, – იქნება ეს სურსათი, თუ ინდუსტრიული პროდუქცია”, – ამბობს ჩიტაძე.

საქართველოდან, ინდუსტრიული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, საერთაშორისო ან ევროპულ სტანდარტს, პირველ რიგში, მეწარმე ნერგავს, რომლის მისაღებადაც სტანდარტების სააგენტოს მიმართავს, ასევე, აღნიშნული სტანდარტის ევროპაში შეძენა შეუძლია.

ევროკავშირი, მეტროლოგიის დარგში დაახლოებასაც ითხოვს. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ერთიანი ზომისა და წონის დადგენას, ვინაიდან, ვაჭრობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს, მეტროლოგიური გაზომვები ასრულებს. კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირს აქვს, ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებაა. საქართველოში, ინდუსტრიულ პროდუქციასთან დაკავშირებით, მსგავსი ზედამხედველობის ორგანოები ჯერ არ შექმნილა.

eugeorgia.info დაინტერესდა, რა პერსპექტივა აქვს ქართულ ინდუსტრიულ ნაწარმს ევროპის ბაზარზე და რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ევროპას.

საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ჯაყელმა, რომლის სახელსაც, ინოვაციური გამოგონება უკავშირდება, ბამბუკის პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. ჯაყელმა ტექნოლოგია ჩინეთში შეისწავლა და საკუთარი საწარმო შექმნა. თავიდან, პარკეტის გამოშვება და კომპოზიტზე მუშაობა დაიწყო, მოგვიანებით კი, ბამბუკის ავეჯი და გასაშლელი სახლი გამოიგონა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ტემპერატურას ინარჩუნებდა.

საქართველოში წარმოებული ინდუსტრიული ნაწარმი, ევროპაში, ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ არსებობდა. ჯაყელი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი კოზირი ინოვაციები, ტექნოლოგიები და ბრენდად ქცეული პროდუქცია უნდა იყოს.

ქართული ბამბუკის გადამამუშავებელი საწარმო, ამმა, რეგიონებში ცენტრების გახსნასაც გეგმავდა, თუმცა გეგმის განხორციელება ვერ მოესწრო. პროფესორი ჯაყელი 2011 წელს, სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ბრლდებით დააკავეს და 2 წელი ციხეში გაატარა.

სერგო ჯაყელი დღეს თავისუფალია, თუმცა მის ინოვაციურ გამოგონებას დღემდე ყადაღა ადევს და საწარმოს მუშაობა შეჩერებულია, საქმე ისევ სასამართლოშია. 68 წლის ფიზიკა-მათემატიკის პროფესორი დარწმუნებულია, შესაძლებლობა რომ მისცენ, საკუთარი პროდუქტით ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად გავიდოდა.

“ეკონომიკა რომ აადუღო, დუღილის ცენტრები უნდა შექმნა. ზემოდან კი არ უნდა ჩამოუშვა ინვესტიცია, ქვემოდან უნდა ამოუშვა, ბაზარი გააცხელო. როდესაც ინოვაციაზე ვესაუბრები ახალგაზრდებს, ყველას გიგანტური იდეები აქვს, უნდათ ჰუდონი ააშენონ. თუ იცი, როგორ ვითარდება მსოფლიო, ისიც უნდა მოიფიქრო, რომ ახალ ეტაპზე გადადიხარ, ენერგიის ახალი წყარო ჩნდება და შეიძლება ეს გიგანტები ძვირი დაგიჯდეს. მუშაობის შესაძლებლობა რომ მომცენ, გავაგრძელებდი ჩემს საქმეს და 1-2 წელიწადში მთელ ინდუსტრიას შევქმნიდი”, – აცხადებს ჯაყელი.

ინდუსტრიის დარგების განვითარების პარალელურად, საქართველომ, კანონმდებლობაში 21 ევროპულ დირექტივა უნდა დანერგოს. პროდუქცია, რომელიც რეგულაციას ექვემდებარება, მოიცავს: სათამაშოებს, სამედიცინო მოწყობილობებს, სამშენებლო მასალებს, ლიფტებს, საბაგირო და ელექტრომოწყობილობებსა და ფეთქებად მასალებს.

ამ ეტაპზე, 6 დირექტივაა მიღებული, მათ შორის: ლიფტის უსაფრთხოების, ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების, წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლის, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების, თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტურობის მოთხოვნებისა და რეკრეაციული მცურავი საშუალებების შესახებ. დანარჩენი 15 დირექტივის დანერგვა, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, 8 წლის განმავლობაში მოხდება.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დაადასტურებს, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ინსტიტუტები და სტანდარტები, მის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან სრულადაა დახლოვებული, ACAA შეთანხმების(შეთანხმება შესაბამისობის შეფასებისა და ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ) გაფორმება, რომელიც ერთ ან რამდენიმე სექტორს მოიცავს, შესაძლებელი იქნება.

ACAA, მხარეებს შორის ვაჭრობას იმავე პირობებით უზრუნველყოფს, რაც, ამავე პროდუქციით ვაჭრობისას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გამოიყენება. ACAA-ს ერთ-ერთი წინაპირობა, აკრედიტაციის ცენტრის საერთაშორისო აღიარებაა. როდის უნდა მიიღოს აკრედიტაციის ცენტრმა აღიარება – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ვადა განსაზღვრული არ არის.

eugeorgia.info-მ ეკონომიკის სამინისტროს შეკითხვით მიმართა – ხომ არ აფერხებს ეს, ევროკავშირში პრდუქციის გატანის მსურველ მეწარმეებს ? – “ვერ გეტყვით, რომ ეს აფერხებს ექსპორტს. თუ ევროკავშირის ბაზარზე უნდა გასვლა, იქ აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოიყვანა შეუძლია.

რასაკვირველია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამიტომ, ადგილობრივადაც გვინდა გვყავდეს საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის ცენტრი, რომლის მერ აკრედიტებული კერძო ლაბორარტორია, ასევე, საერთაშორისოდ აღიარებულიც იქნება. აღნიშნულ საქმეს, დიდი მუშაობა და რეფორმები სჭირდება, რაც მიმდინარეობს უკვე. ვერ გეტყვით კონკრეტულ ვადას, როდისთვის იქნება ეს შესაძლებელი”, – განაცხადა საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ გაბუნიამ.

აკრედიტაციის ცენტრში კი განაცხადეს, რომ ევროპელ ექსპერტთა შემფასებელ მისიას, წლის ბოლოს ელოდებიან: “ევროპის აკრედიტაციის ორგანიზაციის ასოცირებული წევრობა, ასოცირების შთანხმების გასაფორმებლად, აუცილებელი წინაპირობა იყო. მოლაპარაკება, ორმხრივი აღიარების შესახებ, უკვე დაწყებულია და მათი მხრიდან შეფასებას ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ 2016 წლის ბოლოს შეთანხმებას მივაღწევთ”, – აღნიშნა აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პაატა გოგოლიძემ.

სანამ ქვეყანა, 21-ივე დირექტივას საკუთარ კანონმდებლობაში გადმოიტანს, ევროპის ბაზარზე მოხვედრის მსურველ კომპანიას ერთი გზა რჩება – ევროკავშირის რეგლამენტში განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისად აწარმოოს პროდუქცია და სანამ ეროვნული აკრედიტაციის ცენტრი საერთაშორისო აღიარებას მიიღებს, მეტი გადაიხადოს და პროდუქციის შესაბამისობის შესაფასებლად, ევროპაში აკრედიტებული ლაბორატორია დაიქირაოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...