ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემია უფლებადამცველ ილჰამ თოჰთის მიანიჭა

მეცნიერსა და უფლებადამცველ ილჰამ თოჰთის ჩინეთში იუღურთა უფლებების ბრძოლისთვის, “აზრის თავისუფლებისათვის” ევროპარლამენტის 2019 წლის სახაროვის პრემია მიენიჭა.

ილჰამ თოჰთი ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა კენჭისყრით შეარჩიეს.

ლაურეატის გამოცხადებისას, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლმა განაცხადა:

“თოჰთიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩინეთში უიღურელთა უმცირესობების უფლებების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ის მშვიდობის, მართლზომიერების ხმას წარმოადგენდა, მას 2014 წელს, სასამართლო პროცესის შემდეგ, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა…ამ პრიზის მინიჭებით, ჩვენ ჩინეთის მთავრობას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს თოჰთი და პატივი სცეს ჩინეთში უმცირესობათა უფლებებს”, – განაცხადა ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა.

“ილჰამ თოჰთი დიალოგის მომხრეა და მხარს უჭერს ჩინეთში რეგიონალური ავტონომიის შესახებ კანონების განხორციელებას”,- ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კომუნიკეში.

2014 წელს  ის სეპარატიზმში დაადანაშაულეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

წელს სახაროვის პრიზის ფინალისტებს შორის ბრაზილიელი უფლებადამცველები და კენიელი სტუდენტები იყვნენ, ისინი დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს, რომელიც 18 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. პრემია 50 ათასი ევროა.

აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის” 1988 წლიდან იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს ენიჭებათ, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვაში გამოირჩევიან. შარშან, პრემიის ლაურეატი უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად