ევროპარლამენტმა 2019 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა

სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა ევროკავშირის მომავალი წლის საგარეო პოლიტიკა და თავდაცვის პრიორიტეტები განსაზღვრა. ევროპარლამენტის ვებ-გვერდის თანახმად, ის მიღებულ რეზოლუციაშია გაწერილი.

ევროპარლამენტი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის მხრიდან არსებული კიბერსაფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.

„ევროკავშირი უფრო მდგრადი უნდა იყოს შესაძლო გარე ჩარევასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ევროსაბჭოს 2019 წლის 23-26 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირი ასევე ტერორისტული თავდასხმების საფრთხეს უნდა აღუდგეს, ისევე როგორც არალეგალურ მიგრაციას, პროპაგანდას, ონლაინ და ოფლაინ დეზინფორმაციის კამპანიას, რუსეთის მიერ კიბერშეტევების მცდელობებს და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლებიც  სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”,- ნათვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე, ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტის განხორციელების გაუქმებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ევროდეპუტატებმა უკრაინაში განხორციელებული რეფორმების კურსი შეაფასეს, მათ შორის ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ მოიცავს ორი გაზსადენის მშენებლობას მთლიანი სიმძლავრით, 55 მლრდ კუბური მეტრი. უკრაინა აღნიშნულ პროექტს ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ლატვია, ლიტვა და პოლონეთი. რუსეთმა არაერთხელ აღნიშნა, რომ Nord Stream II  კომერციული და კონკურენტუნარიანი პროექტია, რომელიც  უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროკავშირში ტრანზიტის შეჩერებას არ ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად