ევროპარლამენტის არჩევნები საფრანგეთში მარინ ლე პენის გამარჯვებით დასრულდა

საფრანგეთში ევროპალამენტის არჩევნები მარინ ლე პენის უკიდურესად მემარჯვენე პარტიის გამარჯვებით დასრულდა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მარინ ლე პენის პარტიას მხარი ამომრჩეველთა 23,5%-მა მისცა ხმა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხარდამჭერთა რაოდენობამ კი 22,5% შეადგინა. მესამე ადგილზე მწვანეები გავიდნენ, მათ ხმების 13,1% მიიღეს.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა ნაციონალიზმს და გლობალიზაციას შორის დაშორიშორება კიდევ უფრო გაიზარდა. მან მოუწოდა მაკრონს, რომ გაითვალისწინოს დაფიქსირებული შედეგები, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.

ემანუელ მაკრონმა აღიარა დამარცხება, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ მიღწეულით შედეგით კმაყოფილია. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ არჩევნებზე უკიდურესად მემარჯვენე და მემარცხენე ძალებმა ჯამში თითმის 10%-ით ნაკლები ხმები მიიღეს, ვიდრე 2014 წელს.

პრეზიდენტის პარტია ევროპარლამენტში ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და არ მისცემს მათ საშუალებას დაასუსტონ საფრანგეთი, – აცხადებენ ემანუელ მაკრონის თანამებრძოლები.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მაკრონის პოლიტიკის და დაგეგმილი რეფორმების რეალიზაციას გააგრძელებს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...