ევროპარლამენტარი: ჩვენი ფუნქცია არაა მივუთითოთ პარტნიორებს საარჩევნო სისტემა, მაგრამ საქართველოს მხრიდან ეს ცვლილება გაბედული ნაბიჯი იყო

” საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

ევროპარლამენტარი კოვიდ19 -ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველომ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

“ევროპარლამენტის ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს საერთო თანხმობა,როცა საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფართო მხარდაჭერა აქვს საქართველოს ლეგიტიმურ მისწრაფებას უფრო ახლოს ინტეგრირდეს ევროპულ სტრუქტურებში.

საქართველოს მხრიდან კოვიდ 19 -ის პანდემიასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა, ვფიქრობ, დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. სამაგალითო იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კრიზისზე რეაგირებისას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირმა საქართველოს 250 მილიონი გრანტის სახით და დამატებით 150 მილიონი სესხის სახით გამოუყო. საქართველო ყველაზე მთავარი თუ არა ერთ-ერთი უმთავრესი მიმღებია ევროკავშირის დახმარებების კუთხით, ერთ სულ მოსახელეზე“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაც შეაფასა თავის გამოსვლაში.

“ხაზგასმით ვამბობ, ევროპარლამენტის ფუნქცია არ არის მივუთითოთ საქართველოს ან რომელიმე სხვა პარტნიორს, ზუსტად როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეთ მათ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია.

უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხალხი და მისი არჩეული ლიდერები რეფორმებს ახორციელებენ იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშ რჩება. ამიტომ ვიფქრობ, რომ მნიშვნელოვანია ერთგული დავრჩეთ ჩვენი პრინციპების, რაც გულისხმობს საერთაშორისო სამართლის დაცვას, და დავგმოთ ოკუპაცია, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესი. დეზინფორმაციის მცდელობებსა და კიბერშეტევებს, რომლებსაც ძირითადად რუსეთი ახორციელებს სათანადო პასუხი უნდა გავცეთ” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად