ევრონიუსი საქართველოში უძველესი მეღვინეობის კერის აღმოჩენის შესახებ წერს

ევრონიუსი ქვემო ქართლში ნაპოვნ უნიკალურ აღმოჩენას ეხმაურება, რომელიც VI ათასწლეულით თარიღდება. სიუჟეტსა და სტატიაში სახელწოდებით, „საქართველოში ჩვენს წელთ აღრიცხავმდე 6000 წლით დათარიღებული ღვინის მტკიცებულება იპოვნეს“  აღნიშნულ თემაზე,  ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე საუბრობენ:

„არქეოლოგები თავდაუზოგავად მუშაობენ იმირის გორაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში,  მეცნიერების რწმენით ეს ძეგლი ინახავს ისეთ არტეფაქტებს, რომელთა არსებობაც ამტკიცებს, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის  კერაა მთელს მსოფლიოში. 

სწორედ იმ ადგილას სადაც დღეს შულავერ-შომუთეფეს და მარნეულის ველის კულტურული ნანგრევებია, აქ 8 ათასი წლის წინ, ნეოლითურ ეპოქაში, მეცხოველეობა და მიწათმოქმედება უკვე განვითარებული იყო. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იმ დროისათვის მოჰყავდათ სწორედ ყურძენი იყო, რომლითაც ღვინოს ამზადებდნენ. სტეფან ბატიუკი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს: „აღსანიშნავია, რომ ამ ძეგლზე აღმოჩენილია ყველაზე ადრეული მოშინაურებული ვაზის ჯიში, რომელიც ამტკიცებს ღვინის უძველეს წარმოებას. ჩვენ ვიცით, რომ ღვინის ჭურჭელი აღმოჩენილია შულავერში, რაც ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ ეს იყო უძველესი მეღვინეობის კერა, თუმცა იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე საქართველოში, შესაძლოა საქმე გვქონდეს ღვინის ბევრად უფრო ადრეულ წარმოებასთან რომლის თარიღიც ძვ.წ. 6000 წელია.“ 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე:  „პროექტის მიზანია, გადავხედოთ მიწათმოქმედების ისტორიას. ეს არ არის მხოლოდ კვლევა-ძიება იმის პირველები ვაწარმოებდით თუ არა ღვინოს, რადგანაც ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები, არამედ ეს გახლავთ ფაქტი, რომ იმ დროში ადამიანი უკვე აწარმოებდა ხორბალსა და სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტს;  რაც ნიშნავს, რომ კავკასია და საქართველო ოდიდგანვე იყო დიდი გეოგრაფიული არეალის ნაწილი ე.წ. „ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორია“, სადაც ჩნდება ადრეული მიწათმოქმედების კერა და სათავეს იღებს ადრეული ცივილიზაციები“,-წერს ევრონიუსი. 

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვერის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად