„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს

საინფორმაციო არხმა „ევრონიუს ჯორჯია“, სრულფასოვანი ქართულენოვანი მაუწყებლობა გასულ თვეში დაიწყო. დღეს კი ეს ღირსშესანიშნავი ამბავი არხის სტუმრებთან ერთად აღნიშნა. ევრონიუსის გლობალურმა აღმასრულებელი დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა, და ევრონიუს ჯორჯიას ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს სტუმრებს ევრონიუს ჯორჯიას სტუდიაში.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საინფორმაციო არხს საქართველოში დაფუძნება მიულოცეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ასევე, ევრონიუსის დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
მაუწყებლობის წარმატებული სტარტი არხს პირდაპირ ეთერში მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საფრაგნეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება დიეგო კოლასმა.
„All Views” – ევრონიუსის ეს მთავარი ხედვა საქართველოში ქართულ ენაზე მიაწოდებს მაყურებელს ყველა ხმასა და ყველა მოსაზრებას.
„ვულოცავ ევრონიუს ჯორჯიას ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას. ეს, უდაოდ, დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია. მე ადრეც აღვნიშნე, რომ საქართველოში ევრონიუსის შემოსვლით საქართველო მეტად დაუახლოვდება ევროპას და პირიქით, ევროპას უკეთ გავაცნობთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ერთგვარი ხიდი საქართველოსა და ევროპას შორის. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ვიხილე ახალი სახეებით დაკომპლექტებული ევრონიუს ჯორჯიას გუნდი, რომლებიც ევრონიუსის ფასეულობებზე დაყრდნობით ემსახურებიან ქვეყანაში თავისუფალის სიტყვისა და მიუკერძოებელი ახალი ამბების მიწოდებას ჩვენი მოსახლეობისათვის. მინდა, აგრეთვე გამოვყო ის ფაქტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ევრონიუსის წარმომადგენლობის დამფუძნებელი და პარტნიორი, გიორგი რამიშვილი არის სრულიად გამიჯნული არხის მუშაობისგან. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევრონიუს ჯორჯია არის საქართველოში ევრონიუსის მთავარი ფასეულობების გამტარებელი და მიუკერძოებელი მედია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„მინდა მივულოცო ევრონიუს ჯორჯიას საქართველოში მაუწყებლობის დაწყება. ეს კიდევ უფრო დააახლოებს ერთმანეთთან ევროპასა და საქართველოს. ევროპული ლიბერალ დემოკრატიული საწყისების მთავარი ფასეულობა მედიის თავისუფლებაა. მედიის თავისუფლება კი, თავის მხრივ, ხარისხიან მედიას ნიშნავს. დღესდღეობით, მთელს მსოფლიოში უმნიშვნელოვანესია მაღალი სტანდარტების შენარჩუნება ჟურნალისტიკაში, რაც 24 საათიან გამოწვევების რეჟიმში მუშაობას მოითხოვს, რათა მკვეთრად იქნას ერთმანეთისგან გამიჯნული ობიექტურუბა და სიყალბე. ჟურნალისტიკის მაღალ საფეხურზე გადაყვანა ყველგან დღის წესრიგში დგას. მე მჯერა, რომ ევრონიუს ჯორჯია ლიონის მთავარ ოფისთან თანამშრომლობით, გადამწყვეტ წვლილს შეიტანს ამ მიმართულებით,“- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, მისმა აღმატებულება დიეგო კოლასმა.
ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ პიტერსი: „საკმარისი მიზეზი გვქონდა დღევანდელი დღის აღსანიშნავად: ამ წლის მაისში Euronews-ის ინგლისურენოვანი მაუწყებლობის წინასწარი გაშვების შემდეგ ევრონიუს საქართველომ წარმატებით განახორციელა თავისი ქართულენოვანი მაუწყებლობის სრულფასოვანი გაშვება აგვისტოს ბოლოს. დარწმუნებული ვარ, Euronews Georgia სწრაფად გახდება ქვეყანის წამყვანი მედია, რადგანაც მას ჰყავს მაღალპროფესიული ინტელექტუალური გუნდი, რომელიც ერთგულია Euronews–ის მამოძრავებელი პრინციპისა: მივაწოდოთ მომხმარებელს მიუკერძოებელი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ყველა შეხედულების წარდგენის საშუალებით. მე ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ჩვენს პარტნიორ სილქნეტთან და ევრონიუს საქართველოს გუნდთან ერთად მივაღწიეთ სულ რაღაც ერთ წელიწადში, მიუხედავად კოვიდ-19-ის კრიზისით გამოწვეული სირთულეებისა. წარმატებას ვუსურვებ ევრონიუს საქართველოს!“
„ევრონიუსი“ დასავლური სტანდარტების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების არხია. სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, „ევრონიუსის“ მიზანია განსხვავებული მოსაზრებები მიუკერძოებლად მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს. „ევრონიუს საქართველო“ ეფუძნება „ევრონიუსის“ ღირებულებებს – სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. „ყველა ხმა, ყველა მოსაზრება – All news all views”, ევრონიუსის ეს მთავარი გზავნილი „ევრონიუს საქართველოს“ გზავნილიცაა. არხი მაყურებელს სთავაზობს დილის, დღისა და საღამოს ახალი ამბების გამოშვებებს უწყვეტ რეჟიმში.
„ევრონიუს ჯორჯია“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, პარტნიორული ხელშეკრულებით დააფუძნეს.
„ევრონიუს ჯორჯიას“ მთავარ რედაქტორად მოწვეულია ბერძნული „ევრონიუსის“ მთავარი რედაქტორი, ვასილის ბიცისი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია „ევრონიუს ჯორჯიასათვის“, რათა ზედმიწევნით იყოს გადმოცემული „ევრონიუსის“ ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა.
ჯანო ჟვანია, „ევრონიუს ჯორჯიას“ დირექტორი:
„ჩვენ შემოვიკრიბეთ გამოცდილი პროფესიონალები, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომლებითაც „ევრონიუს ჯორჯია“ ხელმძღვანელობს – დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და განსხვავებული თვალსაზრისი. „ევრონიუს ჯორჯიას“ გუნდი ცდილობს შექმნას წარმატებული მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსთვის ღირსეული შენაძენი იქნება“.
„ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, „ევრონიუს ალბანეთისა“ და „ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო საინფორმაციო ბრენდი მთელს კონტინენტზე.
მსოფლიოს მასშტაბით „ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად