A1 ბანერი

ევროკავშირმა ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 8 რუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. სანქციების ე.წ შავ სიაში 8 პირი მოხვდა.

“რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაკავება მოყვა, ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ რვა ადამიანის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

6 მარტს, “რადიო თავისუფლების” ევროპული განყოფილების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი თავის Twitter-ზე წერდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, რვა რუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...