ევროკავშირმა აშშ-ს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების გაგრძელებისკენ მოუწოდა

11 იანვარს ბრიუსელში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა მოლაპარაკებები საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან, ასევე ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა. მათ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალევე უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ვაშინგტონს შეთანხმების გაგრძელება ან მისგან გამოსვლა. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების დროს, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ერთხმად მოუწოდეს აშშ-ს შეთანხმების გაგრძელებისკენ. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ თეირანს აქვს უფლება ისარგებლოს იმ სანქციების მოხსნით, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

"ეს შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მას ალტერნატივა არ აქვს", – განუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლერიანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, აუცილებელია გარიგების დაცვა, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის მიღებას ცდილობს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, ფედერიკა მოგერინი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება თავის ძირითად ფუნქციას ასრულებს – ის ირანის ბირთვულ პროგრამას საერთაშორისო კონტროლის ქვეშ აყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად