ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარე საზღვრებს 30 დღით ჩაკეტავენ

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავიანთ გარე საზღვრებს 30 დღით ჩაკეტავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის ლიდერების მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად გაიმართა. ევროკავშირის საზღვრები 30 დღით დაიკეტება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.

გამონაკლისი დაიშვება გრძელვადიანი ბინადრობის მქონე რეზიდენტებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, დიპლომატისთვის, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები იმ პირებისთვის, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობს, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს.

13 მარტიდან, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ში აკრძალულია ევროპის ქვეყნებიდან შესვლა. შეზღუდვა 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს. გარდა ამისა, 14 მარტიდან აშშ-ში აგრეთვე აიკრძალა დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან შესვლაც.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 198 152 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 7 954-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 81 960 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად