ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება, შეასრულეთ რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი– საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა განაცხადა.

ჯულიენ კრამპის განცხადებით, 150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში.

„ევროკავშირის სახელით ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით 31 აგვისტო, 2021 საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან. ეს თანხმა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. 150 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი“, – განაცხადა კრამპმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა.

„პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის, შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატისთვის. ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას. მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს“, – განაცხადა ჯულიენ კრამპმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი– საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ევროკავშირის ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, – განაცხადა კრამპმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მადლიერია ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ ქვეყანას აღმოუჩინეს.

„75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები
იტვირთება...