ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეუძლიათ მოგზაურობა ჩინური ვაქცინით აცრილ ადამიანებს

მსოფლიო ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში მოგზაურობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს.

ევროკავშირის ახალი „ციფრული კოვიდსერტიფიკატი“ სავარაუდოდ, პირველი ივლისიდან შევა ძალაში.  ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც სრულად აცრილ ტურისტებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ჩასვლა თავისუფლად უნდა შეეძლოთ.  მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავისი წესი აქვს.

საქართველოში განსაკუთრებით აინტერესებთ, რომელ ქვეყნებში შეუძლიათ ჩასვლა ჩუნური ვაქცინებით აცრილებს, ვინაიდან, ჩვენთან საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ “სინოფარმით” და “სინოვაკით” აიცრა.

საფრანგეთი

საფრანგეთის  მთავრობამ 9 ივნისიდან გახსნა საზღვრები აცრილი მოგზაურებისთვის. საფრანგეთის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წესების მიხედვით, ქვეყნების რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი. ე.წ. მწვანე ნუსხაში შეყვანილია ევროკავშირის ქვეყნები და ასევე სამხრეთ კორეა, იაპონია და ისრაელი. ამ სახელმწიფოებიდან საფრანგეთში ჩასულ ტურისტებს კოვიდტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ, ხოლო მათ ვინც არ არის აცრილი, ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ.

ე.წ. ნარინჯისფერ ნუსხაში მოხვდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, ასევე აფრიკისა და აზიის ქვეყნების უმეტესობა. მათ შორის არის საქართველოც. ამ ქვეყნების მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ განსაკუთრებული მიზეზის დასახელება საფრანგეთში ჩასასვლელად, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.

ამ ქვეყნებიდან საფრანგეთში ჩასულ ტურისტებს მოუწევთ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და შვიდი დღით თვითიზოლაციაში გადასვლა.

საფრანგეთი ამ ეტაპზე ვაქცინირებულად თვლის მხოლოდ იმ ტურისტებს, რომელთაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული ანუ „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტაზენეკასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინები.

ესპანეთი

7 ივნისიდან ტურისტებს ესპანეთში სამოგზაუროდ მოუწევთ წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაბრკოლების გარეშე შევა ყველა მოგზაური, ვინც აცრილია, როგორც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით. ამ ნუსხაში შედის „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ჯონსონს ენდ ჯონსონი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

საბერძნეთი

საბერძნეთში ჩასვლა 50-ზე მეტი ქვეყნიდანაა შესაძლებელი. მოგზაურები ვალდებულები არიან  წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა, რომ ტურსიტს „კოვიდ-19“ გადატანილი აქვთ.

საბერძნეთის მიერ აღიარებული ვაქცინების ჩამონათვალია: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“, „ნოვავაქსი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „სინოვაკი“, „სპუტინიკი“, „სინოფარმი“, „კაზინო ბიოლოგიკსი“.  ამ ვაქცინებიდან ერთ-ერთი საბერძნეთში ჩასვლამდე 14 დღით ადრე გქონდეთ გაკეთებული.

კვიპროსი

25 მაისიდან ქვეყანაში ჩასვლა შეუძლიათ ევროკავშირის, კანადის, ეგვიპტის, სერბეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეებსაც.  სრულად ვაქცინირებული ტურისტებს შეუძლიათ უპრობლემოდ ჩასვლა.   კვიპროსი აღიარებს, როგორც ევროკავშირის მიერ ავტორიზებულ ყველა ვაქცინას, ისე „სპუტნიკსა“ და „სინოფარმს“.

პორტუგალია 

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ჩასულ ტურისტებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა და კოვიდტესტის გაკეთება. კუნძულზე ჩასასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი მისაღებია. ერთადერთი პირობაა, რომ დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და უნდა იყოს გაცემული იმ ქვეყნის ხელისუფლების მიერ, საიდანაც ტურისტი ჩადის.

გერმანია

გერმანიაში მოგზაურობა ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდულია და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლა მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზით არის შესაძლებელი.  თუ მოქალაქეები გერმანიაში იმ ქვეყნებიდან ჩადიან, რომელსაც ბერლინი „საფრთხის შემცველად“ მიიჩნევს, აუცილებელია კარანტინში გადასვლა.

გამონაკლისია, თუ მოგზაური ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს გერმანიის მთავრობის ვებპორტალზე ატვირთავს. რობერტ კოხის ინსტიტუტის თანახმად, ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა მისაღებია.

 

კომენტარები
იტვირთება...