ევროკავშირის ანგარიში: მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების მხრივ

ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო ანგარიში ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების და რეფორმების განხორციელებას.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განცხადებას  სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება. აგრეთვე, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების მხრივ.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის, ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელების გზით განაგრძობს ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოებას.
ანგარიში მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.
ევროპარლამენტი მიესალმება კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივ, კოორდინირებულ ეფექტიან პასუხს.
ევროკავშირი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად.
მადლობას ვუხდი ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს სვენ მიქსერს და ევროპარლამენტარებს ანგარიშის მხარდაჭერისთვის”-ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად