ევროკავშირი საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს განიხილავს

ევროკავშირის ჯანდაცვის უსაფრთხოების კომიტეტი კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარებას განიხილავს, მათ შორის ევროკავშირში აღმოჩენილ პირველ შემთხვევებაზეც იმსჯელებენ,-ამის შესახებ ევროკომისიის (EC) სპიკერმა შტეფან დე კეერსმეკერმა განაცხადა.

”კომიტეტი სიტუაციის სწრაფად განვითარებაზე იმსჯელებს. მხედველობაში მიიღებს კორონავირუსის აღმოჩენის პირველ შემთხვევებს ევროკავშირში. ეს ფაქტი საფრანგეთში გასული კვირის ბოლოს მოხდა”, – განაცხადა სპიკერმა ბრიუსელში ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ დისკუსია დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის შეფასებებს ემყარება.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, შეხვედრის თემებს შორის იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის მომზადება, მათ შორის საავადმყოფოების მომზადება ახალი ავადმყოფი პაციენტების მისაღებად, საზოგადოების ინფორმირება, კერძოდ, მოგზაურობის შესახებ; პრევენციული ზომები, ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია.

კითხვაზე საპასუხოდ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაცია გამოცხადდეს, დე კეერსმეკერმა განმარტა:

“ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მხოლოდ წევრმა სახელმწიფოებმა მიიღონ. ასეთი გადაწყვეტილებები (ევროპული) კომისიის მიერ არ მიიღება”.

მან დასძინა, რომ  ის ევროკავშირის საბჭოში მსგავსი საკითხის განხილვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

“ამ შემთხვევაში, ევროკომისია მზად იქნება, მხარი დაუჭიროს შესაძლო გამოსავლის პოვნას”,- განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა.

ცნობისთვის, ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 835-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულია 81 ადამიანი.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად