“ევროკავშირი “ნაცმოძრაობას” “ოცნების” ალტერნატივად ვერ ხედავს” – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს. ერთი მხრივ მესამე პრეზიდენტი არ წყვეტს შიმშილობას, ხოლო მეორე მხრივ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე ხელისუფლება უარს აცხადებს, რაც უფრო და უფრო ბევრ ადამიანს რადიკალიზმისკენ უბიძგებს. ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი დღითიდღე იზრდება. ამის ფონზე იზრდება დასავლეთის კრიტიკა და ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ისიც კი თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით „მათრახის და „თაფლაკვერის“ პრინციპი უნდა ამოქმედდეს.

ხელისუფლება კრიტიკაზე არ რეაგირებს, პროცესი კი კიდევ უფრო იძაბება. საზოგადოების ნაწილი მაშველად ისევ დასავლეთს უყურებს, თუმცა დასავლეთი ხისტად ან უფრო აქტიური ფორმით ჩარევას ჯერჯერობით არ აპირებს.

მოიმატებს თუ არა დასავლეთის ჩართულობა და როგორ უყურებენ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი საუბრობს, რომელიც დასძენს, რომ პრაქტიკულად „ოცნებამაც“ და  ნაცმოძრაობამაც ევროკავშირს უთხრეს – ჩვენ საქმეში ნუ ერევიო.

_ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, რაზეც მორიგ ჯერზე გაისმა კრიტიკა დასავლეთიდან, თუმცა, როგორც ჩანს მას არ იღებს ჩვენი ხელისუფლება. თუნდაც ის ფაქტი რაზე მეტყველებს, როდესაც სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარები და რა ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ მათგან?

_ ხელისუფლება ერთ მხრივ ხედავს, რომ ევროკავშირი კრიზისის წინაშე დგას და ყველა მხრიდან აქვს ბევრი პრობლემა, ამიტომაც არ აქვს სურვილი, რომ საქართველოსთანაც პრობლემები შექმნას და სერიოზული დაპირისპირების მოთხოვნილება არ აქვს.

მეორე მხრივ მგონი მთავრობა ცდილობს, რომ საბოლოოდ თავის დასაყრდენად გაიხადოს ქვეყანაში არსებული ანტილიბერალური, ანტიდასავლური ძალები, რომლებიც კმაყოფილები არიან ხელისუფლების ასეთი ცინიკური განცხადებების გამო დასავლეთის მიმართ.

_ რომელ ძალებს გულისხმობთ?

_ კარგად იცით ვინც მოაწყო 5 ივლისის ცემა-ტყეპა, „ალტ-ინფო“ და მათ გარშემო შემოკრებილი ორგანიზაციები. თუ გნებავთ საპატრიარქოს გარშემო შემოკრებილი ხალხი, რომელიც ანტიდასავლური ხასიათის არის, ანტიდასავლური რიტორიკით და სენტიმენტებით მოქმედებს. მგონია, რომ მათზე ამყარებენ მეტ იმედებს. იმიტომ, რომ როგორც ჩანს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

_ ანუ, არა მარტო არჩევნებში სჭირდებოდა ხელისუფლებას ისინი, არამედ შემდგომ პროცესებშიც?

_ თავისთავად შემდგომ პროცესებშიც სჭირდებათ, როგორც დასაყრდენი. მყარი დასაყრდენი სწორედ ეგენი გახდებიან. თუ მთავრობამ არ შეცვალა დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება. გამოცდილება აჩვენებს ამას, სადაც ლუკაშენკომ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა ანტიდასავლური ძალებისგან, შემდეგ კი რუსების მხარდაჭერაც მოიპოვა და გარანტიები მიიღო.

_ ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ლუკაშენკოს გზას დაადგნენ?

_ მთლად ლუკაშენკოს გზას არ დაადგნენ, იმიტომ, რომ ეს გზა დამღუპველი იქნება მთავრობისთვის. იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ფორმალურად მაინც არის მომხრე ევროპული ინტეგრაციის და ამ ვითარებაში ძნელია იმის გაკეთება, რაც ლუკაშენკომ გააკეთა. დღევანდელი მთავრობა ცდილობს ბალანსირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამიტომაც ის დასავლეთს რაღაცებში უთმობს, მაგალითად იგივე ნატოს სწავლებაში მონაწილეობაში და იძლევა გარანტიას, რომ დასავლეთის მხარეზე არიან. მეორე მხრივ რუსეთსაც აჩვენებს, რომ ევროკავშირის სრული გავლენის ქვეშ არ არიან.

რაც შეეხება შიგნით დასაყრდენს, მე მგონია, რომ აშკარად ჩანს, რომ ეყრდნობიან ანტილიბერალურ ძალებს. არც 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები დასჯილან, ზოგიერთი შემსრულებელი ცოტათი დასაჯეს, მაგრამ ორგანიზატორებისთვის არაფერი უთქვამთ. რაც სააკაშვილის ირგვლივ კეთდება, აქ აშკარად ხელის გადაწევაა, ანუ უნდათ, რომ ოპოზიციის მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ. მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთელ ოპოზიციურ სპექტრს აჩვენონ – „თქვენ არაფრის თავი გაქვთ და ჩვენ მაინც გავიტანთ ჩვენსას“.

ამას აჩვენებენ ანტიდასავლურ ძალებსაც, შეიძლება ითქვას, რომ პრორუსულ ძალებს, რომლებისთვისაც სააკაშვილი ცოცხალიც და მკვდარიც მიუღებელია. არანაირი ემპათიის გრძნობა არ აქვთ მის მიმართ. შეიძლება ასეთი ქვეყანაში სულ 20% იყოს, მაგრამ ეს 20% მყარად არის „ოცნების“ მომხრე. ეს მათ აწყობთ, რადგან ეს ადამიანები ყოველთვის მისცემთ მათ ხმას და არა მარტო, შეიძლება ქუჩაშიც გამოვიდნენ.

_ ელით უფრო აქტიურ ნაბიჯებს? დღეს ვხედავთ ევროპარლამენტართა მხოლოდ ერთი ჯგუფის აქტიურობას. ელოდებით უფრო მეტს?

_ ამ ეტაპზე არა მგონია. იცით რატომ? დელიკატური თამაშია მთავრობის მხრიდან. ის ცდილობს, პოზიციები გაიმაგროს ქვეყნის შიგნით და ანტიდასავლურ ძალებს დაეყრდნოს, ხოლო რიტორიკის დონეზე ევროკავშირთან აგრძელებს ურთიერთობას, თანამშრომლობას, გარანტიების მიცემას, რომ ძალიან უნდა ევროკავშირთან ურთიერთობა.

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს და შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს ამის ზედაპირზე ამოსვლა და ევროკავშირს სხვა გზა აღარ დარჩეს თუ არა მკაცრი რეაგირება. დანარჩენ შემთხვევაში ევროკავშირი შეეცდება, რომ არ გაამწვავოს თავისი ურთიერთობები საქართველოსთან.

აქ ერთ გარემოებასაც მინდა გავუსვა ხაზი, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუშვა სერიოზული შეცდომები ევროკავშირთან ურთიერთობებში. მაგალითად იგივე შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც იყო ამბავში ჩართული, პირველი მან მისცა სიგნალი, რომ ამას არ მოაწეროთ ხელიო.

_ ენმ-ის ზოგიერთი წევრის რიტორიკაც არასასიამოვნო იყო, ხდებოდა ევროკავშირის კრიტიკა და ზოგჯერ კრიტიკასაც კი სცდებოდა.

_ ეს იყო რაღაც აროგანტული დამოკიდებულება. ნიკა მელია ციხიდან ევროკავშირმა გამოიყვანა, გადაიხადეს გირაო, ყველანაირად მოუწოდეს მთავრობას და ზეწოლაც განახორციელეს მასზე, რომ მელია გამოეშვათ ციხიდან და რურუაც. მაგის გარდა რამდენი იწვალეს, რომ მთავრობა დაეთანხმებინათ, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის, რომელიც ოპოზიციას უფრო აწყობდა, ვიდრე ხელისუფლებას. ეს გამოჩნდა კიდეც და გამოვიდა „ოცნება“.

ამ დროს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მივიღეთ უხეში ხელის კვრა. ამიტომ, ევროკავშირის პოზიციაც გასაგებია, ისინი ვერ ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სასარგებლო ალტერნატივას. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ენმ ჩაანაცვლებს ხელისუფლებაში „ოცნებას“ მასთანაც იგივე პრობლემები და შესაძლოა უფრო მეტიც შეექმნათ, რაც „ოცნებასთან“ აქვთ.

სხვათა შორის სააკაშვილის ჩამოსვლაც არ იყო შეთანხმებული მათთან. გვახსოვს, რომ ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ ურჩევდა სააკაშვილს ჩამოსვლას და არჩევნებში დესტაბილიზაციის ელემენტების შემოტანას. მან მაინც თავისი გაიტანა და გამოვიდა ისე, რომ პოლიტიკური პროცესი პრაქტიკულად გაჩერებულია და ყველაფერი იმაზეა მიმართული, გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს საავადმყოფოში, რაც გამოსავალი არ არის საბოლოო ჯამში. ერთადერთი ისაა რომ გადარჩეს ადამიანი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი აშკარად ჩიხშია შესული.

ჩამოსვლა და ციხეში ჩაჯდომა არასწორად წარმართული აქცია იყო. ობიექტური რომ ვიყო და ვცდილობ ვიყო, ამიტომ ამას ვერ გავამართლებ პოლიტიკური თვალსაზრისით. რევოლუციური სიტუაცია ყოფილიყო და ვთქვათ ერთადერთი ეს აკლდა ხელისუფლების შეცვლას, მაშინ შეიძლება გაგვემართლებინა, რომ აი ევროკავშირსაც არ დაუჯერა და თავის კარიერაზეც უარი თქვა უკრაინაში. ამით მან უკრაინასაც დიდი ზიანი მიაყენა. დატოვა თანამდებობა უკრაინაში და გაუფრთხილებლად წამოვიდა, რითაც შარში გახვია უკრაინაც. ამის გამო საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საკმაოდ დაბალ დონეზეა. ბევრი მინუსი მოყვა იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათ შორის მიშამაც არასწორად იმოქმედეს, რაც არანაირად არ ამართლებს „ოცნების“ მოქმედებას, როდესაც ეს ადამიანი არ გადაჰყავთ კლინიკაში და არ ასწრებენ სასამართლო პროცესებს.

ახლა წარმოვიდგინოთ თავი ევროკავშირის ადგილას, რომელიც ვერ ხედავს ალტერნატივას და გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ამიტომაც არ არის მოტივირებული, რომ კბილებით დაიცვას რომელიმე მხარე. უბრალოდ მიუთითებენ ელჩის დონეზე, რომ ეს სწორი არ არის და საჭიროა მეტი ჰუმანურობა და ა. შ.

_ რაღაც ახლის მოლოდინშია ევროკავშირი?

_ დიახ. მას საქართველოში „ოცნებამ“ უთხრა პრაქტიკულად, რომ ნუ ერევი ჩვენ საქმეებში და თავი დაგვანებეო, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ პრაქტიკულად იგივე უთხრა. რიტორიკულად შეიძლება უთხრა დაგვეხმარეო, მაგრამ მეორე მხრივ ეჭვის ქვეშ დააყენა მათი მცდელობა და თითქოს ის მიკერძოებულია. საბოლოო ჯამში ორივე მხარემ ხელი კრა ევროკავშირს და ევროკავშირი უყურებს სიტუაციას. გაერკვიეთ ადგილზე, მოილაპარაკეთ და მე მოვნახავ მომენტს, როდესაც ჩემი დრო მოვაო. როცა მოვა, ვიცით, რომ ის აუცილებლად ჩაერევა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვერ გააკეთებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...