ევროკავშირი ერევანსა და ბაქოს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე შექმნილ “საგანგაშო” ვითარებას და მოუწოდებს ორივე მხარეს, მაქსიმალური თავშეკავებისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის დავალებით, ევროკავშირის საგარეო უწყების გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ, წუხელ მოლაპარაკება გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 12 მაისს დაახლოებით 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ ხელყო სუვერენული ქვეყნის საზღვარი და 3,5 კილომეტრით შეიჭრა სიუნიქის რაიონის სიღრმეში, სევ ლიჩის (სევის ტბის) მახლობლად.

სომხეთის ხელისუფლებამ 14 მაისს ოფიციალურად მიმართა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომ დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შექმნილი სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირებაა შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი მასშტაბური ბრძოლების შემდეგ.

ერევანმა სასაზღვრო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით აზერბაიჯანელ სამხედროებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მთავრობის ვიცე-პრემიერი და პარალელურად აამოქმედა დიპლომატიური კავშირები.

აზერბაიჯანი უარყოფს თავისი სამხედროების სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შესვლას და, თავის მხრივ, სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და მოახლოებული არჩევნების წინ პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებამ ჯერჯერობით ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...