ევროკავშირი აშშ-ში მოქმედი ”მაგნიტსკის აქტის” ანალოგს შეიმუშავებს

”ევროკავშირი სანქციების დაწესების მექანიზმის შემუშავებისთვის ემზადება, რომელიც ე.წ. მაგნიტსკის აქტის მსგავსი იქნება,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განუცხადა.

”ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე რეაგირებისთვის, სანქციების ყოვლისმომცველი რეჟიმის შესახებ მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყოთ, რაც აშშ-ში მოქმედი ე.წ. მაგნიტსკის აქტის ექვივალენტი გახდება”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ამ საკითხზე შეთანხმებას ორშაბათს, 9 დეკემბერს მიაღწია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახური ახლა მზად არის,  სანქციების ასეთი მექანიზმის შემუშავებისთვის დოკუმენტაციის მომზადება დაიწყოს.

”ეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის მხრიდან გადადგმული შთამბეჭდავი ნაბიჯი იქნება ”, -აღნიშნა ბორელმა.

2017 წლის 5 ოქტომბერს, კანადის პარლამენტის თემთა პალატამ კანონი “კორუმპირებული სახელმწიფოების მსხვერპლთა შესახებ” მიიღო, რაც “სერგეი მაგნიტსკის აქტის” ანალოგია. დოკუმენტს მხარი 338 დეპუტატიდან 277-მა  დაუჭირა. კანონი ადამიანთა უფლებების დარღვევის დროს, ან კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

2017 წლის 22 თებერვალს, ბრიტანეთის პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ადამიანთა უფლებებს დაარღვევენ, დიდ ბრიტანეთში აქტივები გაეყინებათ და უძრავი ქონება ჩამოერთმევათ.

ცვლილებები ადამიანთა უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ამგვარად, საკანონმდებლო ცვლილებები მსგავს როლს შეასრულებს, როგორც აშშ-ში მიღებული “მაგნიტსკის აქტი”.

ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო პირს ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალს დაუყენებს, მას შესაძლოა პირადი ეკონომიკური სანქციებიც დაეკისროს. გარდა ამისა, აქტივების გაყინვა მათი ქვეყანაში შესვლის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად