„მისასალმებელია, როდესაც ასეთი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა მსგავსი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის და ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესისთვის“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელის დღეს დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

„საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს. მართლაც, გულწრფელად ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები იქნა განხორციელებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის,  რომელიც გულწრფელად იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. ყველა ასეთი შეხვედრა უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს მომავლისთვის, ხვალინდელი დღისთვის და ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ბორელის კრიტიკულ შეფასებებს  საქართველო-რუსეთს შორის  ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება და ხელისუფლება მხოლოდ  ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

მისივე თქმით,  კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ეკისრება.

„მესმის ასეთი განცხადებების, თუმცა ჩვენ ღიად და აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვუერთდებით სანქციებს და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ინტერესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტი დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში და ეს ყველაფერი იგრძნოს  ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. პასუხისმგებლობა ნორმალურ  და განვითარებულ ქვეყნაში ეკისრება ხელისუფლებას, ოპოზიციას. ეს ქვეყანა მარტო საქართველოს ხელისუფლების არ არის, რა თქმა უნდა, არის ოპოზიციისაც, თუმცა ჩვენ გაუგონარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, იმით, რომ ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს.  როგორც ეს ხდებოდა ასოცირების ხელშეკრულების შემთხვევაში, დარბოდნენ კაბინეტებში. იგივე იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ეს გრძელდება დღესაც, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსზე. ყველა ის რეფორმა და 12-პუნქტიანი გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ჩართულობით იქნა განხორციელებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.