ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციოს საბჭოს სხდომა დისტანციურად გაიმართა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციოს საბჭოს სხდომა დისტანციურად გაიმართა. საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსთან ბრძოლისთვის ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა სახელმწიფო მინისტრს მიმდინარე პროცესებზე რეგიონების მიხედვით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს, წარმოადგინეს წინადადებები და ინიციატივები. გაიმართა დისკუსია. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საბჭოს წევრებს თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდეს უკვე გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. დისტანციურ შეხვედრაზე დაიგეგმა თემატურ ჯგუფებთან შეხვედრები: მედიის, ეკონომიკის, განათლების და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.

ხაზი გაესვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსის შესახებ 400 000-მდე საინფორმაციო მასალა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში მათთვის მშობლიურ ენებზე დარიგდა, მომზადდა და გავრცელდა მასალები სათემო რადიოებისა და ადგილობრივი ტელევიზიებისთვის, ითარგმნა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები, გავრცელდა ხმოვანი და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებისა და გაძლიერების, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო საბჭო ერთი წლის წინ შეიქმნა.

საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებული აქტივობების შემუშავების, არსებული გამოწვევების დასაძლევი საპასუხო ნაბიჯების განხილვისა და მოსახლეობის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გათვალისწინების მიზნით, სახელმწიფო მინისტრთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად