ეთიკის კოდექსის დამრღვევი დეპუტატები აღარ დაისჯებიან

პარლამენტში შექმნილი ეთიკის საბჭო კონკრეტული სარჩელების განხილვას საშემოდგომო სესიიდან დაიწყებს. ამასთან, ეთიკის კოდექსის დამრღვევ დეპუტატებს სასჯელის სახით უცხოეთში ვიზიტების შეზღუდვა და ფულადი ჯარიმა აღარ დაუწესდებათ.

ამის შესახებ ეთიკის საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა ფრუიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე ერთადერთ სანქციად დამრღვევი დეპუტატის გამოაშკარავება და მისი ვინაობის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსება დარჩა.

“ეთიკის კოდექსის პირველად ვერსიაში იყო სამი სანქცია: სარეკომენდაციო ბარათი, ფულადი ჯარიმა და ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება. თუმცა, შემდეგ უკვე რეკომენდაციების გავლის დროს ოპოზიციასთან ერთად შევთანხმდით ორი სანქციის ამოღებაზე. ამ ეტაპზე მიღებული ეთიკის კოდექსი მხოლოდ ერთ სანქციას ითვალისწინებს და ეს არის ინფორმაციის გამოქვეყნება დარღვევის შემთხვევაში. ამ ეტაპზე ეთიკის საბჭოს სხვა სანქციის გამოყენების უფლება არ აქვს”, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

პარლამენტის ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა დღეს ჩატარდა. შეხვედრა საორგანიზაციო ხასიათის იყო და დეპუტატებმა დებულების დამტკიცების ვადებზე იმსჯელეს. ცნობილია, რომ საბჭოს 14-კაციანი შემადგენლობიდან 7 ადგილი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, 3 – „ევროპულ საქართველოს“, 1 – „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 – „პატრიოტთა ალიანსს“, 2 დამოუკიდებელ დეპუტატებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...