ეთერ თათარაიძე: ფოლკლორი შეგიძლია განავითარო, მაგრამ აუცილებელია ზომიერება და ძველი კულტურული ღირებულებების შენარჩუნება

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო “ლექსო, არ დაიკარგები” გაიმართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეები (ავტორმთქმელები), ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

საღამო პირველად 1979 წელს გაიმართა და ათწლეულების შემდეგ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აღადგინა. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელი საიუბილეოა – საღამოს განახლებიდან 10 წლისთავი.

ღონისძიებისა და ფოლკლორის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუში ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელმა, ეთერ თათარაიძემ.

  • “ლექსო, არ დაიკარგების” შესახებ რომ მოგვიყვეთ, რატომ არის გამორჩეული ეს ღონისძიება და რატომ გადაწყვიტეთ წლების შემდეგ მისი აღდგენა?
  • მოდით დავიწყოთ საუბარი იქიდან, თუ რას გულისხმობს ტერმინი ფოლკლორი, რადგან სამწუხაროდ, მისი მნიშვნელობა ხშირად არასწორად ესმით. ვახტანგ კოტეტიშვილმა შექმნა ფოლკლორის სქემა, რომელშიც დეტალურად ჩანს რა დარგებისგან შედგება იგი. აქედან პირველი დარგია პოეზია ანუ ზეპირსიტყვიერება, რომელშიც გადმოცემულია ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ნააზრევი, წარსული, კულტურა, სულიერება, რწმენა-წარმოდგენები და ა.შ. შემდეგ მოდის მუსიკა (იგულისხმება სიმღერა), პლასტიკა (ანუ ქორეოგრაფია), ხალხური რეწვა, გამოყენებითი ხელოვნება, რელიგია და თავისუფლება. ფოლკლორი არის სინკრეტული მეცნიერება, რომლის დარგებიც უერთმანეთოდ არაფერს წარმოადგენს. ზეპირსიტყვიერება კი არის მთელი ჯან-ღონე იმისა, როგორ გადმოსცე ფოლკლორი. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დაცვა. ფოლკლორი, რა თქმა უნდა, შეგიძლია გაამდიდრო, განავითარო, მაგრამ აუცილებელია ზომიერება და ძველი კულტურული ღირებულებების შენარჩუნება.

“ლექსო, არ დაიკარგების” რომ დავუბრუნდეთ, ეს ღონისძიება მოიცავს ძველი ფოლკლორის გახსენებას და თანამედროვეს გაცნობას. 1978 წლის 14 აპრილს ძალიან დიდი საშიშროება დაემუქრა ქართულ ენას, როდესაც მის ნაცვლად სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება განიხილებოდა. სწორედ შემდეგ წელს, ქართული ენის დაცვის დღეს დაამთხვიეს ვახუშტი კოტეტიშვილმა, თენგიზ მირზაშვილმა, ალექსი ჭინჭარაულმა და მათმა მეგორბებმა და გამართეს ფილარმონიაში ხალხური პოეზიის პირველი საღამო, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავდა. ზოგი კუთხე წარსდგა სიმღერით, ზოგი -სიტყვით, ზოგიც – ცეკვით და ეს იყო ნამდვილი ზეიმი. 2000 წელს აღვადგინეთ ღონისძიება. გარკვეული პერიოდი ინტენსიურად ტარდებოდა, თუმცა შემდეგ აირია სიტუაცია. 2008-ში კვლავ აღვადგინეთ და საბედნიეროდ, დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. ვუძღვებით მე და ჩემი მეუღლე, ფოლკლორისტი. საღამო გახდა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის. მნიშვნელოვანია, რომ ადრე სინკრეტულად ხდებოდა დარგის მიწოდება მთელი ქვეყნისთვის და ჩვენც ვცდილობთ, იგივე წონასწორობა შეივინარჩუნოთ.

  • წლევანდელმა ღონისძიებამ როგორ ჩაიარა, რამდენად იყო დაინტერესება და გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან?
  • უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული იყო წლევანდელი საღამოს მონაწილეთა თავმოყრა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა გვიპასუხა, რომ მათ ჩამოსაყვანად ფული არ ჰქონდათ. ეს იყო ძალიან სამწუხარო. სამჯერ შეიცვალა გამომსვლელთა შემადგენლობა. ზოგი ადამიანი ჩვენი ხათრით ფეხითაც კი ჩამოვიდა. საბედნიეროდ, ღონისძიება მაინც შედგა და საკმაოდ წარმატებით. იცით როგორი საღამო იყო? უნიჭიერესი ახალგაზრდები გამოვიდნენ, მართლა ერთმანეთზე უკეთესმა ხალხმა მოიყარა თავი და აღვნიშნავ, რომ ყველაზე მეტი გამოხმაურება კმაყოფილების მხრივ მაყურებლის მხრიდან წელს იყო. ძველი თაობა გვეუბნებოდა, რომ ასეთი ბედნიერები მაშინაც არ ყოფილან, როცა პირველი საღამო ჩატარდა.
  • საინტერესოა, რომ ღონისძიებაში ეთნიკური უმცირესობებიც იღებდნენ მონაწილეობას. ვახუშტი კოტეტიშვილის დროსაც იყო ასეთი შემთხვევა თუ თქვენ დაამატეთ ეს მიმართულება ღონისძიებაში? რამდენად დიდი იყო დაინტერესება ეთნიკური უმცირესობების მხრიდან?
  • ადრე იყო პრეცენდენტები ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის. ჩვენც ვცდილობთ გავაცნოთ მათი ფოლკლორი ქართველ ხალხს. წინა საღამოებზე მაგალითად, აზერბაიჯანელებიც გამოსულან, ქისტები ერთგულად ჩვენთან არიან. წელს ერთი ებრაული ანსამბლის ხელმძღვანელი თავად მოვიდა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ კლასიკური მიმართულება უფრო აქვთ, ვიდრე ხალხური, ამიტომ, მოგვიწია უარი გვეთქვა ფორმატთან შეუსაბამობის გამო. ოსი ბიჭების ანსამბლმა იმღერა ფანტასტიურად. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დანარჩენმა უმცირესობებმა მოითხოვეს ჰონორარი.
  • ზოგადად საზოგადოების მხრიდან რამდენად არის ინტერესი ქართული ფოლკლორის მიმართ? ახალგაზრდები თუ გამოხატავენ ინტერესს?
  • მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ რეკლამას არ ვაკეთებთ, ჩვენს საღამოებზე რუსთაველის დარბაზი სულ ივსება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მაყურებლებსა და შემსრულებლებს შორის ახალგაზრდებიც ჭარბობენ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება. საღამოების მიზანიც ესაა. ჩვენი ასაკის ხალხმა, ჩვენზე მოხუცებმა იციან ამ ყველაფრის ფასი, ახლა ახალგაზრდებსაც გვინდა გავაცნოთ და შევაყვაროთ.  ერთხელ ჩვენს საღამოზე უწმინდესიც მოვიდა და თქვა, რომ ასეთ საღამოს არასდროს დასწრებია. იჯდა ბოლომდე და ცრემლად იღვრებოდა.ვისურვებდი, რომ ტელევიზიების მხრიდანაც მეტი იყოს დაინტერესება. ამ ეტაპზე არ ხდება კონცერტების გაშუქება, არადა როგორი ფანტასტიური ხალხი ღებულობს მონაწილეობას. გადაცემებში უმეტესად სიმღერასა და ცეკვაზე საუბრობენ, კარგი იქნება ზეპირსიტყვიერებასაც თუ ვახსენებთ, რომელიც ფაქტობრივად მთავარი დარგია. სამწუხაროა, რომ ინფორმაციის მიწოდებისას ბალანსი არ არის.
  • წელს ღონისძიების 10 წლის იუბილეა. როგორ შეაჯამებდით გასულ 10 წელს? სამომავლოდ რა გეგმები და მიზნები გაქვთ?
  • ამ ათმა წელმა შექმნა მსმენელი, ინტერესი და ხალხს მეტად შეაყვარა ფოლკლორი. ფეხზე დგას ხოლმე დარბაზი ღონისძიებების ბოლოს. როგორც აღვნიშნე ახალგაზრდა შემსრულებლებიც გამოჩნდნენ, მაყურებლებიც. რა თქმა უნდა, სასურველია კიდევ მეტი ჩართულობა, ინტერესი და სფეროსადმი ყურადღება, რათა შევძლოთ მისი შენარჩუნება და განვითარება.ძალიან დიდი სურვილი მაქვს წავიდე თურქეთში, როგორც ზეპირსიტყვიერების მიმართულების მკვლევარი და შევისწავლო. იქ ისეთი ბგერებია შენახული, რომ მსგავსი არ ვიცი. საჭიროა სპეციალისტები ჩავიდნენ, გამოიკითხონ და შეუნახონ ისტორია ხალხს. ძალიან საინტერესოა ამდენი წლის შემდეგ როგორ შეინარჩუნეს ის ყველაფერი. ასევეა ფერეიდანიც. ამისთვის საჭიროა მთავრობის ძალისხმევა, რესურსები და იმედი მაქვს ორდესმე მომეცემა ამის საშუალება, რადგან ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.

ასევე, მე და ამირანი დიდი ხანია ვსაუბრობთ შემკრებებზე და ჩვენ ფესტივალის ფარგლებშიც შემოვიტანეთ შესაბამისი ნომინაცია. შემკრები არის ადამიანი, რომელიც მასალებს კრებს, ინახავს და აბინავებს. ორივე ვფიქრობთ, რომ ხანდახან მთქმელზე ძვირფასი შემკრებია, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ნაფიქრალს აგროვებს და ჩვენ ვაფასებთ ამ ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ ბავშვები ძალიან აქტიურობენ ამ მიმართულებით, ამიტომ მინდა, რომ სკოლებშიც გავაკეთო ფესტივალი, ჩავრთოთ უფროსკლასელები და იყოს ძალიან სერიოზული წარდგინება იმ ბავშვებისა, რომლებიც აგროვებენ მასალებს.  სხვათაშორის, ამ იდეის სიკარგეში კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა თიანეთიდან შემოსულმა მასალებმა. იქ არიან სკოლის მოწაფეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ბებო-პაპებთან ურთიერთობაში. ვერ აღგიწერთ როგორი მასალა შემოიტანეს, ნამდვილად საწიგნე მასალა, რაც მერე აუცილებლად უნდა გამოვცეთ.

  • ფოლკლორის ცენტრი საკმაოდ აქტიურია და ოპერირებს მთელი საქართველს მასშტაბით. რეგიონებს რომ გადავავლოთ თვალი, რომელიმე კუთხეში თუ შეინიშნება სხვებთან შედარებით მეტი აქტიურობა და ინტერესი ამ სფეროს მიმართ?
  • ვახუშტის დროს საღამოები როცა ტარდებოდა, მოთხოვნა იყო რეგიონებიდან, რომ თბილისში დაწყებულ ღონისძიებას შემოევლო მთელი საქართველო. თითოეულ წერტილში კიდევ გვხვდებოდნენ იქაური მთქმელები, მომღერლები და ა.შ ამგვარად, უცებ შემოდიოდა მთელი ინფორმაციული სიმდიდრე და კარგად ჩანდა რომელ რეგიონში ფოლკლორის რა დარგში იყო მეწინავეობა. უნდა აღვნიშნო, რომ აჭარაში არის ყველაზე სწორი დამოკიდებულება ფოლკლორის მიმართ, როგორ პროექტებს აკეთებენ, როგორ დამახვედრა თუნდაც ქედას რაიონმა დალაგებული და მოწესრიგებული მასალა, არქივი. ყველა რაიონი ერთმანეთს ეჯიბრება კეთილი მიზნით, რომ შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა და ისტორია. კასპი მაგალითად გვთხოვდა, რომ რადგან ვახუშტის რაიონია, იქ ჩაგვეტარებინა ღონისძიება. ბათუმშიც არასდროს ჩატარებულა დიდი საღამო და ვფიქრობთ, რომ იქაც დავგეგმოთ. ჩემი ოცნებაა, რომ გაიღვიძოს საქართველომ და დაინახოს ამ სფეროს ღირებულება.
  • სალოტბარო სკოლების გახსნა ალბათ წამახალისებელი ფაქტორი იქნება იმ კონკრეტული რაიონებისთვის. 21 ასეთი სკოლა გაიხსნა ქვეყნის მასშტაბით. როგორ შეაფასებდით შედეგებს და თქვენ რა მოლოდინები/გეგმები გქონდათ?
  • რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ სალოტბარო სკოლები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან, უნდოდათ სიმღერა, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ჩვენი სკოლები კი ხალხური სიმღერისა და გალობის უფასო სწავლებით ამის შესაძლებლობას სთავაზობს. ეს მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ მაინც ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ მიემატება ფოლკლორის სხვა დარგებიც. ზეპირსიტყვიერება არ აქვს ჯერჯერობით არცერთ სკოლას, თუმცა სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებთ ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიის და დანარჩენი დარგების დამატებასაც.
  • თქვენი აზრით რა არის საჭირო ამ სფეროს მეტი პოპულარიზაციისთვის?
  • გული უნდა და ჯანმრთელი დამოკიდებულება მოაზროვნე, ქართველი ადამიანებისა. მე მაგალითად, ვასწავლიდი ზეპირსიტყვიერებას გერმანულ გიმნაზიებში, როდესაც ის საქართველოს არცერთ საჯარო სკოლაში არ ისწავლებოდა. ახლა რომ მხვდებიან ჩემი მოსწავლეები მსიამოვნებს, რადგან ვიცი, რომ მათ უყვართ და ესმით ის, რაც ვასწავლე. ჩვენ, ბატონ ვახუშტისთან ერთად, მომზადებულიც გვქონდა სკოლის პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყველა კლასში ეტაპობრივად შევიდოდა მნიშვნელოვანი ელემენტები ზეპირსიტყვიერებიდან, თუმცა სამწუხაროდ, არ მიიღეს სამინისტროში.

საჭიროა მედიის საშუალებით ინფორმაციის სწორად და უწყვეტად მიწოდება. ფოლკლორის ბევრ დარგს სჭირდება ყურადღება, მაგალითად, ქართულ რეწვასა და გამოყენებით ხელოვნებას, რომელშიც სულ აირია ტრადიციული და თანამედროვე ელემენტები. ხშირად იყენებენ ისეთ ფერებს, ფორმებს, როგორებიც არასდროს ყოფილა ქართული. არადა გვაქვს შედევრები, რომლებშიც ჩანს ჩვენი ქვეყნის ტრადიცია. გვაქვს უძვირფასესი სამოსი, მატერიები. სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი რატომ უნდა ჩაიცვა, როცა შენ შეგიძლია ქსოვილიც კი შენეული გამოიყენო. 17 სახის ტოლი არსებობს თუშური, ნაქსოვი აბრეშუმივით ნაჭერი, რომლისგანაც სამოსს კერავდნენ, მაგრამ ახლა თვითონ თუშებიც კი აღარ ართავენ თითისტარს. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა. ცვლილებები შემოდის ფოლკლორში, ხელოვნებაში, ამიტომაც ვთქვი, რომ ყველა დარგს უნდა თანაბარი ყურადღება და დაცვა. პირველ რიგში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამაზე. სხვა უკეთ რითი წარვსდგებით სხვების წინაშე. ნიჭიერები ვართ, გვაქვს ჩვენი დიდი ხალხური კულტურა. ვასწავლოთ ის მომავალ თაობას, ნუ დავაკარგვინებთ. მოკლედ, უფრო მეტად სერიზული მიდგომა აკლია სფეროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად