ესტონეთში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

ტალინში კორონავირუსული შეზღუდვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელმაც შაბათს, 23 ოქტომბერს რამდენიმე ათასი ადამიანი შეკრიბა. აქციაზე შეკრებილი ხალხი არ იცავდა სოციალურ დისტანციას და მხოლოდ ცოტა მათგანს ეკეთა დამცავი პირბადე.

პლაკატებზე გამოსახული იყო ლოზუნგები ვაქცინაციის წინააღმდეგ. აქციაზე გამომსვლელებმა მოითხოვეს კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შეწყვეტა და ახალი შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც მიზნად ისახავს ინფექციის გავრცელების შენელებას.

აქციის ორგანიზატორი იყო არაკომერციული ორგანიზაცია Fund for the Protection of Family and Traditions (SAPTK), წერს ინტერნეტ გამოცემა RusDelfi. მას ხელმძღვანელობს 41 წლის ადვოკატი ვარო ვუგლეიდი, რომელიც ცნობილია თავისი უკიდურესად კონსერვატიული შეხედულებებით. 2020 წელს მან მხარდაჭერა გამოუცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელს, მარტ ჰელმეს, რომლის ჰომოფობიურმა განცხადებებმა DW-თან ინტერვიუში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

ამავდროულად, ბოლო კვირების განმავლობაში ესტონეთში კორონავირუსის გავრცელების ვითარება სერიოზულად გაუარესდა. დღეს დაფიქსირდა ინფიცირების 1,643 ახალი შემთხვევა. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, ესტონეთში კორონავირუსის გავრცელება ახლა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში.

კომენტარები
იტვირთება...