ესტონეთის პრეზიდენტი: დავუშვით აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და არაფერი გავაკეთეთ

“ჩვენ დავუშვით საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტი და არაფერი გავაკეთეთ გარდა განცხადებებისა მშვიდობა, სიყვარული, ვუდსტოკი”,-ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

მისივე განმარტებით, პუტინმა და მედვედევმა 2009 წელს განაცხადეს, რომ გააჩაღეს ომი საქართველოს წინააღმდეგ, იმისათვის, რომ ის ნატოში არ გაწევრიანებულიყო. 

“ახლა რუსეთმა გააკეთა იგივე უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც  მათ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მოისურვეს.  ასოცირების შეთანხმება გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, პრინციპით – მასწავლებელი/მოსწავლე. შეთანხმება არბილებს საბაჟო მოსაკრებელს. მაგრამ ამას არ შეიძლება ეწოდოს "ტრანსატლანტიკური იმპერიალიზმი", რომელიც რუსეთს საფრთხეს უქმნის”,-განაცხადა ილვესმა.

უკრაინაში არსებული სიტუაციის კომენტირებისას, ილვესმა რუსეთის მიერ კონკრეტული შეთანხმებების დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

“ყირიმის ანექსიის დღეს, დაიმსხვრა ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება. შეგვიძლია დავიწყოთ გაეროს ქარტიით, რომელიც კრძალავს აგრესიას. მაგრამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სივრცე გაჩნდა 1975 წელს ჰელსინკის შეთანხმებებთან ერთად, რომლებიც კრძალავენ საზღვრების ძალადობრივი მეთოდით ან მუქარით შეცვლას. ეს ნორმები უკვე არ არსებობს. მოსკოვმა ფაქტიურად დაარღვია ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინას ატომურ არსენალზე უარის თქმის ნაცვლად, ტერიტორიულ მთლიანობას ჰპირდებოდა. ახლა მე არ ვიცი, რომელი ქვეყანა იტყვის უარს ატომურ შეიარაღებაზე უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ”, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად