ესტონეთის პარლამენტის სპიკერი: რუსეთმა ესტონეთის ტერიტორიის 5%-ის ანექსია მოახდინა

ესტონეთის პარლამენტის სპიკერის, კონსერვატიული სახალხო პარტიის წევრის ჰენ პილუასის განცხადებით, რუსეთმა ესტონეთის ტერიტორიის დაახლოებით ხუთი პროცენტის ანექსია მოახდინა. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

”ესტონეთის ტერიტორიების ანექსია არაფრით განსხვავდება ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიისაგან,” – წერს პელუაასი და დასძენს, რომ ”ესტონეთს რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს”,  თუმცა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება სურს.

ესტონეთის პარლამენტის სპიკერი ამ განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის, სერგეი ბელიაევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სააგენტო “რია ნოვოსტის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ ინტერვიუში ბელიაევმა 1920 წლის ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულებას “არასწორი” უწოდა.

“ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულების არაღიარება, ფაქტობრივად, ესტონეთის რესპუბლიკის არაღიარებას ნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის დაბადების მოწმობა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია”, – დაწერა  ესტონეთის პარლამენტის სპიკერმა.

ცნობისთვის,  ესტონეთის შეიარაღებული ძალებისა და საბჭოთა რუსეთის ომი ტარტუს ხელშეკრულებით დასრულდა, რომელიც  1920 წლის 2 თებერვალს ესტონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად ორივე ქვეყანამ ერთმანეთი სცნო, ესტონეთის შემადგენლობაში შევიოდა პეჩორის მაზრა, რომელიც 1944 წელს გადაეცა რსფსრ-ს, ჩუდის ტბის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო და მდინარე ნარვის აღმოსავლეთით მდებარე მიწები.

ესტონეთის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ტარტუს ხელშეკრულებას 1940 წელს არ დაუკარგავს იურიდიული ძალა, რამდენადაც ესტონეთის სსრკ-ში შესვლის ფაქტს თანამედროვე ესტონეთი, აშშ, ევროპის კავშირი და სხვა ქვეყნები განიხილავენ, როგორც ქვეყნის ოკუპაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად