ესპანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, Covid-19-ის შედეგად 123 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად მინიმუმ 123 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სამეფოს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში. ესპანეთში, ანტირეკორდი 1 აპრილს დაფიქსირდა – მაშინ ერთ დღეში, ახალი კორონავირუსის შედეგად, 950 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში, ინფექციის გავრცელების დაწყებიდან მოყოლებული, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 26 744-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 373-ით გაიზარდა. PCR ტესტების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ კი 227 436-ს მიაღწია.

პანდემიის გამო, ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ქვეყანაში მოქმედებს გაძლიერებული საგანგებო რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმის გამოცხადებით, ხელისუფლებას მიეცა საშუალება, შეეზღუდა მოქალაქეების გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვინაიდან, ესპანეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს, ხელისუფლება თანდათანობით ამსუბუქებს დაწესებულ შემზღუდავ ზომებს. ამ ეტაპზე, ყველა მოქალაქეს შეუძლია ისეირნოს და დაკავდეს სპორტით ღია ცის ქვეშ. ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად კი, ხელისუფლებამ, სასეირნოდ გასვლის დროის ინტერვალები დააწესა.

11 მაისიდან, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი გადავიდა ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქების ახალ ეტაპზე. ამ ეტაპზე, ნებადართულია ნათესავებთან შეხვედრები, იხსნება კაფეები და ბარები გარკვეული შეზღუდვებით, სასტუმროები, მუზეუმები. თუმცა, აღნიშნული ჯერჯერობით არ ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის მადრიდი, ან ბარსელონა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად