ესპანეთში, დაწესებული შეზღუდვების დაუცველობის შემთხვევაში ჯარიმები 600000 ევრომდეა

ამის შესახებ პორტალი 20minutos წერს.

სახელმწიფო, ავტონომიური და ადგილობრივი ადმინისტრაციების მიერ კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიღებული ზომები სავალდებულოა ყველასთვის და მათ დაუცველობას შესაძლოა ძალიან დიდი ჯარიმა მოჰყვეს.
 
კორონავირუსით ინფიცირების გამო სახლში იზოლირებული პირები ჯერ კიდევ ორშაბათს გააფრთხილეს, რომ დაწესებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში გადაიყვანდნენ სამედიცინო ცენტრში, სადაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეოდნენ და 3000 ევროდან 600000 ევრომდე თანხით დაჯარიმდებოდნენ.
 
პარასკევს, ბასკეთის მთავრობამ  შემოიღო საგანგებო სანიტარული მდგომარეობა, შაბათს კი სასტუმროების, კაფე-რესტორნების, მუზეუმების და მოხუცთა დღის ცენტრების და სხვა დაწესებულებების დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს შედის ძალაში. მათი შეუსრულებლობა შეფასდება როგორც ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა და ადმინისტრაციულ სანქციებთან ერთად  სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.
 
დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ჯარიმები 30001 ევროდან  600000 ევრომდე ფარგლებშია.
 
დაახლოებით ასეთივე ოდენობის ჯარიმებს ითვალისწინებს კატალონიის კანონმდებლობა: 3000 ევრომდე წვრილი დანაშაულისთვის, 3001 ევროდან 60000 ევრომდე სერიოზული დანაშაულისთვის და 60001 ევროდან 600000 ევრომდე ძალზედ სერიოზული დანაშაულისთვის. კატალონიის გენერალიტეტმა კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო შეზღუდა იგუალადის, ვილანოვა-დელ-კამის, სანტა-მარგარიტა-დე-მონბუის და ოდენის 70000 მცხოვრები და გააფრთხილა ისინი, რომ წაყენებული მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება 60000 ევრომდე თანხით დაჯარიმდნენ.
 
კასტელონის პროვინციაში ქალაქის საბჭომ მაგდალენას საზეიმო ღონისძიება შეაჩერა და გააფრთხილა ხალხი, რომ ნებისმიერი პირი, ვინც აწყობს ან მონაწილეობს მასობრივ ღონისძიებაში, დაჯარიმდება ვალენსიის ავტონომიის ჯანმრთელობის კანონის შესაბამისად. ზემოთნახსენები, აგრეთვე სხვა ავტონომიების მსგავსად, ვალენსიის  ავტონომიაში სანქციები 600000 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად