„ესპანეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა და გემის ეკიპაჟი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე დაკავებულნი არიან“

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირული გემზე მყოფი 4 ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, სააგენტოში 22 თებერვალს შესული ინფორმაციით, 4 ქართველი მეზღვაური ითხოვდა დახმარებას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათ შორის დაუკავშირდა დროშის სახელმწიფოსა და გემთმფლობელი კომპანიის ქვეყნის საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმავდროულად დაიწყო გემის ძებნა საერთაშორისო სატელიტური და სხვა წყაროებით, თუმცა იმ მომენტისთვის გემის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა. „ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსგან მიღებული დადასტურებული ინფორმაციით, გემი ჩაიძირა ესპანეთის სანაპიროსთან და გემის ეკიპაჟი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე დაკავებულნი არიან ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს ოთხივე მოქალაქეს მიეჩინათ სახაზინო ადვოკატები და მათი უფლებები არის დაცული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უშუალო კონტაქტზეა ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან და უწევს მათ დახმარებას თავისი შესაძლებლობისა და უფლებამოსილების ფარგლებში“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

 

კომენტარები
იტვირთება...