“ეს ყველაფერი უცებ მოხდა და მოულოდნელად გადაწყდა” – ინტერვიუ საქართველოს ოთხზგის ჩემპიონ, 18 წლის მარიამ თოდუასთან

სამბოში ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი, ძიუდოში ორგზის საქართველოს პრიზიორი – ეს არის 18 წლის ფოთელი მარიამ თოდუას მიღწევები. ის 14 წლის იყო როდესაც ჭიდაობა დაიწყო და პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაც ამავე წელს მოიპოვა.

“აიპრესი” მარიამს თავის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

რატომ აირჩიე მაინცდამაინც ჭიდაობა?

ყველას ცხოვრებაში ხდება რაღაც ახალი. ზოგისთვის მნიშვნელოვანი, ზოგისთვის კი უმნიშვნელო. ჩემს შემთხვევაში საბედნიეროდ მნიშვნელოვანი გამოდგა ჭიდაობა. მართალია ეს ყველაფერი უცებ მოხდა და მოულოდნელად გადაწყდა, მაგრამ არასოდეს არ მინანია ის, რომ მე აქ ვარ.

მოგვიყევი, როგორ გახდი მოჭიდავე?

ხელბურთზე დავდიოდი დაქალთან ერთად, მაშინ 14 წლის ვიყავი. ვარჯიშის შემდეგ სტადიონზე მოჭიდავეები შევნიშნეთ, ფეხბურთს თამაშობნენ. ახლოს რომ მივედით მწვრთნელები გამოგვესაუბრნენ, შემოგვთავაზეს სპორტის ამ სახეობაში გამოგვეცადა თავი. შემოდით ჩვენს სკოლაში, თუ არ მოგეწონათ არავინ არ დაგაძალებთო გვითხრეს. თავიდან ვორჭოფობდით, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ მივსულიყავით ჭიდაობის დარბაზში. ვაკვირდებოდით როგორ ვარჯიშობდნენ ბავშვები, შემდეგ ჩვენც შევუერთდით მათ და ასე გავხდი მოჭიდავე.

სახლში როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

თავიდან გაუჭირდათ ჩემი გადაწყევიტილების გაგება, თვლიდნენ რომ ჭიდაობა გოგონების საქმე არ არის. იყო წინააღმდეგობებიც, მაგრამ დროთაგანმავლობაში შეეგუენ და ახლა პირიქით, ძალიან მგულშემატკივრობენ.

დისკომფორტს არ გიქმნის ის გარემოება, რომ ჭიდაობის სკოლაში მარტო შენ ხარ გოგო?

ჭიდაობის დარბაზში, თავიდან, მე და ჩემი მეგობარი გოგო დავდიოდით. რა თქმა უნდა გაგვიჭირდა, უცხო გარემო, უცხო ხალხი, 2 გოგო ამდენი ბიჭის გარემოცვაში.მაგრამ დროთაგანმავლობაში შევეჩვიეთ, რაც თანაგუნდელების და მასწავლებლების დამსახურებაა. არ გვაგრძნობინებდნენ, რომ გოგოები ვართ. ჩემმა მეგობარმა მალევე დაანება თავი ჭიდაობას და რამდენიმე წელია უკვე მარტო დავდივარ. არც ერთი წამით არ მიგრძვნია დისკომფორტი და მიხარია, რომ ასეთი მასწავლებლები და თანაგუნდელები მყავს. მოკლედ არანაირი დისკომფორტი.

რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდა როგორც გოგო მოჭიდავეს?

ალბათ მთავარი სიძნელე მაინც თავიდან იყო. ვარჯიში ძალიან მიჭირდა, რადგან 85 კილო ვიყავი, კოტრიალებს და სხვა ვარჯიშებს ვერ ვახერხებდი. მაგრამ, შემდეგ მწვრთნელების დახმარებით ყველაფერი გავაუმჯობესე. ურთულესი მაინც წონის დაკლებაა. ძნელია როდესაც უმოკლეს ვადაში რამდენიმე კილოს დაკლება გიწევს. მაგალითად, ერთ-ერთი შეჯიბრების წინ, ათი კილო დავიკელი. .

გაგვანდე როგორ შეიძლება ორ კვირაში ასეთი შედეგის მიღება? 

ცომეულობა და ტკბილი საერთოდ ამოვიღე. გაორმაგებულად ვვრჯიშობდი და მხოლოდ წვნიანებს ვიღებდი. სასურველ წონას კი მივაღწიე მაგრამ, ფეხზე ძლივს ვიდექი. ვფიქრობ, ჩემპიონატზე, სწორედ ამიტომ დავიკავე მესამე ადგილი და არა პირველი.

როგორ მიაღწიე პირველ წარმატებას და რამდენად მოულოდნელი იყო ?

თავიდან ძიუდოში ვვარჯიშობდი და მწვრთნელების რჩევით სამბოში საქართველოს პირველობაზე მივიღე მონაწილეობა. ვცადოთ, იქნებ გამოვიდეს რამეო მითხრეს, წავედი და მოვიგე, მძიმე წონაში ვასპარეზობდი. სამივე შეხვედრა წარმატებით ჩავატარე. ამის შემდეგ სამჯერ მოვიგე სამბოში საქართველოს ჩემპიონატზე. ძიუდოში კი ორგზის პრიზიორი ვარ, მესამე ადგილი ავიღე. ჩემი მწვრთნელები ნუკრი ბერაია და ვალერი გიგიბერია, საუკეთესო მასწავლებლები არიან სპორტის მასწავლებლებს შორის. ალბათ, ისინი რომ არა, არ გავაგრძელებდი ამ საქმიანობას. ყველანაირად ცდილობდნენ და ცდილობენ ბოლომდე შემიწყონ ხელი, მყუდრო გარემო შემიქმნან. არ მაგრძნობინებენ როგორც წეღან ავღნიშნე, რომ გოგო ვარ და მაქსიმალურ ყურადღებას მაქცევენ. მიხარია, რომ მათთან ვვარჯიშობ. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში.

კლასელებში ალბათ დიდი პოპულარობით სარგებლობ, ბიჭებს ხო არ ეშინიათ შენი?

არ ვიცი თუ ეშინიათ, არამგონია. ან რატომ უნდა ეშინოდეთ, ძალიან უკონფლიქტო ვარ.

დავიჯერო ერთხელაც არ მოგსვლია რაიმე სახის უთანხმოება?

ერთხელ კლასელმა გადამიღო სურათი, წაშალე მეთქი რომ ვუთხარი არ წაშალა, მოულოდნელად დავარტყი ლოყაზე , სახე გაუწითლდა, მერე ერთი საათი ვტიროდი ძალიან ხომ არ ვატკინე და რამე ხო არ დაემართამეთქი.

ვარჯიშის გარდა რითი ხარ ხოლმე დაკავებული, თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

თავისუფალ დროს შეყვარებულს ვხვდები. ჩემზე ორი წლით უფროსია. რა თქმა უნდა არაა წინააღმდეგი ჭიდაობაზე რომ დავდივარ და მომავალშიც რომ გავაგრძელო ვარჯიში. იცის და სჯერა , რომ დასახულ მიზანს მივაღწევ. ბოლომდე გვერდში დამიდგება.

ისიც მოჭიდავეა?

არაა მოჭიდავე, საერთოდ სპორტის არცერთი სახეობით არ არის დაკავებული. ყოფილი მოჭადრაკეა.

სპორტის გარდა რომელი სფერო გიზიდავს, რომელ პროფესიას გინდა დაეუფლო?

ჭიდაობის გარდა არაფერი არ მაინტერესებს. მინდა სპორტს ბოლომდე გავყვე.

ინტერვიუ მოამზადა ანა ჯახაიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად