ეროვნული ლიგა 1: ჩემპიონები ერთმანეთის წინააღმდეგ

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ტური სტარტს დღეს აიღებს.

გორის „დილა“, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი „ტორპედო“ გასვლაზე 2:3 დაამარცხა, დღეს ცხრილის ლიდერ „ჩიხურას“ შეხვდება, რომელიც პირველ ტურში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა და ფოთის „კოლხეთი“ 6:1 გაანადგურა.
დაპირისპირება სტარტს, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ 19:00 საათზე აიღებს.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზეა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი „რუსთავი“ ქვეყნის ჩემპიონ „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

ქუთაისელებისთვის სუპერთასის მოგების შემდეგ „დილასთან“ მარცხი ერთგვარი ცივი წყლის გადავლებასავით იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსთაველმა ფეხბურთელებმა სეზონი „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოს“ ძლევით დაიწყეს, ამ შეხვედრასაც კარგ ხასიათზე უნდა ხვდებოდნენ. „ტორპედოს“ კი ხასიათისა და სასტურნირო ცხრილის გამოსასწორებლად მოგება ესაჭიროება.

ეროვნულ ლიგა 1-ს შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილი აუტსაიდერი უკვე ჰყავს. ფოთელები, სხვა დანარჩენ გუნდებთან შედარებით, ძალიან სუსტად გამოიყურებიან და მათ გასულ სეზონშიც გაუჭირდათ ადგილის შენარჩუნება. „კოლხეთმა“ 6 ბურთი გაუშვა „ჩიხურასან“ საკუთარ კარში და ბოლო პოზიციაზეა. რაც შეეხება „საბურთალოს“, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის „სიონთან“ 0:1 მარცხდებოდა, მის გუნდმა შეძლო თამაშის შემოტრიალება და სასურველი შედეგით დასრულება. 

დედაქალაქურ დერბი, კვირას მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენაზე „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის შედგება. 

ორივე გუნდმა მარცხით დაიწყო, „ლოკომოტივი“ „სამტრედიასთან“ დამარცხდა, ხოლო „დინამო“ შინ – „რუსთავთან“.

მეორე ტურის „სამტრედიასა“ და „სიონის“ დაპირისპირება დაასრულებს. იმერულ კლუბს ეტყობა, რომ გაძლიერებულია და „ლოკომოტივს“ დამაჯერებლად აჯობა კიდევაც. „სიონი“ კი პირველ ტურში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს აშკარად ეტყობა შეთამაშების პრობლემა და საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ბოლნისელები სამტრედიელებთან თამაშის დალაგებას და სასურველი შედეგის მიღწევას. სხვა შემთხვევაში „სიონი“ გასავარდნ ზონაში დარჩება.

ეს დაპირისპირება „მიხეილ მესხზე“ 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად