პარლამენტმა 83 ხმით, 8-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება.

კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო  ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

კანონის ამოქმედებიდან  საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე - პრეზიდენტის და სხვა წევრები.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი.