ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინასო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ცვლილებებით, 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეიქმნება სსიპ -საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კანონპროექტი დასახვეწია და გარკვეული საკითხები დაზუსტებას მოითხოვს. კერძოდ, ვინაიდან სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს, ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად სააგენტო ჩართული უნდა იყოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დადგენის პროცესში, ისე რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გატარებაში შეუნარჩუნდეს დამოუკიდებლობა.

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის სისტემაში უნდა შეიქმნას მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების კომიტეტი, რომელიც პარიტეტული წესით დაკომპლექტდება და მას ექნება საკონსულტაციო ხასიათი, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა იქნება გადამწყვეტი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილება არ შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ნორმებს. კერძოდ, მისი განცხადებით, კონსტიტუციით განსაზღვრული ეროვნული ბანკის ფუნქციები, ინიცირებული პროექტის მიხედვით, გადასულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში. გარდა ამისა, მისივე თქმით, სააგენტოს საბჭოს ფორმირების მოდელი არ არის ოპტიმალური, შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო და იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ საბჭოში მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები იყვნენ. მისი აზრით, პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის სხვა მექანიზმია შესამუშავებელი და არა ის, რომ პარლამენტმა თავად წარადგინოს ისინი.

კანონპროექტის მიღების საჭიროებას და მართებულობას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ შვიდი თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ეს ცვლილებები თავიდან შესაცვლელი გახდება, რადგან ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არის მცდელობა კანონი მოერგოს კონკრეტულ სიტუაციას და პიროვნებებს. უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეფასებითაც „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ის ასევე შეუსაბამოდ მიიჩნევს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ექვემდებარება ეროვნულ ბანკს, მაშინ როცა სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებაში ეროვნული ბანკი საერთოდ არ მონაწილეობს და ეყოლება მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით.

პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილიც მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონს დიდი ალბათობით კონსტიტუციასთან პრობლემა ექნება.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკი – ბანკთა ბანკია, სტატუსიც იმის გამოც განესაზღვრება, რომ მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საბანკო ზედამხედველობაა. ონოფრიშვილის აზრით, ეროვნული ბანკიდან აღნიშნული ფუნქციის გამოყოფა, რაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივითაა გათვალისწინებული, ეროვნული ბანკის ამ როლს ასუსტებს. „კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის ბანკთა ბანკი და აქ ზედამხედველობის ფუნქცია არის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია რისი უფლებაც ამ კანონპროექტით ერთმევა“, განაცხადა ონოფრიშვილმა. ის არც საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს წარდგენისა და დამტკიცების საკითხში ეთანხმება ინიციატორებს, მისი განცხადებით „თუ საბჭოს ორ-ორი წევრის წარდგენის უფლება ექნება პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა 6 კაციან ჯგუფს და ფრაქციას, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს პირდაპირ აქვთ თავიანთი წევრების წარდგენის და ლობირების საშუალება. ეს ჩანაწერი საბჭოს პოლიტიზირებაზე მიანიშნებს”, აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კანონპროქტს მხარს არ დაუჭერენ.

კანონპროექტის განხილვაზე მოწვეული საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ეროვნული ბანკიდან გამოყოფის შემთხვევაში, საზედამხედველო სააგენტოს საბჭოში ერთი წევრის შეყვანას ითხოვს. „ასევე, აუცილებელია, რომ მკაცრად დადგინდეს კრიტერიუმებიც, რომლითაც მოხდება საბჭოს წევრების და ხელმძღვანელის წარდგენა“, განაცხადა ზურაბ გვასალიამ. მისივე თქმით: „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სააგენტოში ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქციის გადატანა, ის აუცილებლად უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში“.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის მთელ რიგ კანონებში: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე, “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადასახდო სისტემისა და საგადასახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად