“ეროვნული ბანკის პროცესებში მეტად ჩარევით მოკლევადიან ილუზიას მივიღებდით”

"ეროვნული ბანკის ჩარევა პროცესებში უფრო მეტი წილით, რომ ყოფილიყო მივიღებდით მოკლევადიან ილუზიას რომ ყველაფერი კარგადაა" – ამის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრის ნიკა გილაურის ეკონომიკურმა მრჩეველმა, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარმა, ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა. 

ლეჟავას თქმით, ქართულ ეკონომიკაში სტრუქტურული სისუსტეები გაჩნდა, რამაც დოლარის ნაკადების მოზიდვის შესაძლებლობები შეამცირა.

"ჯერ ამბობდნენ, რომ სავალუტო კრიზისი საგარეო ფაქტორების ბრალი იყო, ეხლა აღმოჩნდა რომ ეროვნული ბანკის ბრალია – არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ ქართულ ეკონომიკაში სტრუქტურული სისუსტეები გაჩნდა, რამაც ლარზე დაწოლა გამოიწვია. კრიზისიდან გამოსვლის ძალიან რთული პერიოდი გვექნება – თუ გვექნება. სტრუქტურულ პრობლემებში დოლარის ნაკადების მოზიდვის შესაძლებლობების შემცირებას ვგულისხმობ. შემცირდა როგორც საქონლის ასევე მომხსახურების ექსპორტი.

ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი. ეროვნული ბანკის ჩარევა პროცესებში უფრო მეტი წილით, რომ ყოფილიყო მივიღებდით მოკლევადიან ილუზიას რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენი რეზერვების შემცირების პარალელურად ეკონომიკის რისკები იზრდება.

მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გაუგებარია. აღქმა არის რომ კრიმინალის დონე გაიზარდა, რაც ასევე გავლენას ახდენს საინვესტიციო მიმზიდველობის შესუსტების კუთხით. მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას აქვს ეკონომიკური განზომილება, დაწყებული სავიზო რეჟიმის გართულებით დამთავრებული შრომის ინსპექციის შექმნით. არ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეკონომიკური განზომილება არ აქვს" – ვახტანგ ლეჟავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...