A1 ბანერი

ეროვნული ბანკი ფულადი ბაზრის ინდექსთან დაკავშირებული TIBR ვადიანი ინდექსების გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის 14 მარტიდან რეფორმირებულ ფულადი ბაზრის ინდექსთან TIBR (Tbilisi Inter Bank Rate) დაკავშირებული TIBR ვადიანი ინდექსების (Term Rates) გამოქვეყნებას იწყებს.

ეროვნული ბანკი რეფორმირებული ფულადი ბაზრის ინდექსს 2018 წლის აგვისტოდან აქვეყნებს. სანდო და გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ინდექსის არსებობა შესაძლებლობას აძლევს ბაზრის მონაწილეებს მართონ საკუთარი ერთდღიანი ე.წ. “ოვერნაით” საპროცენტო რისკი, რაც მნიშვნელოვანია ფულადი და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

საპროცენტო განაკვეთის ინდექსების არსებობა რამოდენიმე მიზეზის გამოა აუცილებელი ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის:

ბენჩმარკ ინდექსების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს ფინანსური კონტრაქტების ფასების დათვლას და მათ სტანდარტულ ხასიათს სძენს. ინდექსები შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების ფასების დისკონტირებისას საბუღალტრო მიზნებისათვის. ბენჩმარკები ფართოდ გამოიყენება წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების – სვოპების, ოფციონების და ფორვარდების საპროცენტო რისკის მართვაში და ა.შ.

ამჟამად ბაზარზე ვადიანი ინსტრუმენტების ბენჩმარკად (ცვლადგანაკვეთიან ლარის ინსტრუმენტებში) გამოიყენება სებ-ის სადეპოზიტო სერტიფიკატებისა ან რეფინანსირების განაკვეთები. ბანკთაშორის გარიგებებზე დაფუძნებული TIBR ვადიანი ინდექსები (Term Rates) უფრო უკეთ ასახავს დაფინანსების ხარჯებს, ვიდრე დღეს არსებული ინდექსები. მოსალოდნელია, რომ ბაზრის განვითარებასთან ერთად მოხდება არსებული ინდექსების ეტაპობრივი ჩანაცვლება TIBR ვადიანი ინდექსებით. ეს უკანასკნელი არის TIBR ინდექსის ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ე.წ. ისტორიული დარიცხვის მეთოდის (Backward Looking Term Rate COMPOUNDING) გამოყენებით დათვლილი ინდექსები.

TIBR ვადიანი ინდექსების მეთოდოლოგია ფულადი ბაზრების მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით შემუშავდა საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ფულადი ბაზრის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. იგი მოიცავს ინდექსების გაანგარიშების და გამოქვეყნების წესს. აღნიშნული მეთოდოლოგია ასევე ითვალისწინებს მონაცემების კონტროლის პროცედურას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...