ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა

ერევანის ცენტრში აქციის მონაწილეები კვლავ იკრიბებიან და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას აპროტესტებენ,-ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიცია მოქალაქეებს გასულ დღეებში მოუწოდებდა, ბაგრამიანის გამზირი დაეტოვათ, რის შედეგადაც მოედანი დაიცალა. რამდენიმე საათის წინ მოედანზე 40-მდე მოქალაქე გამოჩნდა. ისინი მოქალაქეებს აქციაზე მისვლას მოუწოდებენ. 
 
23 ივნისს, გამთენიისას, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, რასაც პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 11 პოლიციელი და აქციის 7 მონაწილე. პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სულ 240 აქტივისტი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

აქცია სახელწოდებით "არა ძარცვას" 18 ივნისს დაიწყო, მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას აპროტესტებდნენ. მთავრობა აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ დაუშვებდა. მთავრობა საფასურის სუბსიდირებას გეგმავს. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მთავრობა დანაპირებს არ შეასრულებს და აგვისტოში საფასური მაინც გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...