ერდოღანი: ველით, როდის შეასრულებს აშშ სირიაში საკუთარ ვალდებულებებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს ხელისუფლება ჩრდილოეთ სირიაში ქურთულ ძალებთან შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

“სამწუხაროდ, ამერიკელებმა ქურთების შეიარაღებული ძალების ტერორისტებთან ერთგვარი ერთობლივი პატრულირება მოაწყეს, თუმცა, თურქეთსა და ამერიკას შორის არსებული შეთანხმებების შესაბამისად, ეს მებრძოლები სირიის ჩრდილო- აღმოსავლეთიდან უნდა წასულიყვნენ. რით შეიძლება ვაშინგტონის ასეთი პოზიცია აიხსნას ? ამას თურქეთ-ამერიკას შორის არსებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს, ”- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მიუღებელია და შესაძლოა ანკარამ იძულებითი ნაბიჯი გადადგას.

”თურქეთი ელოდება, თუ როდის შეასრულებს აშშ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით საკუთარ ვალდებულებებს. ჩვენ არ შეგვიძლია ტერორისტების გასვლის შესახებ განცხადებები გავაკეთოთ”,- დასძინა ერდოღანმა.

ოქტომბერში, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის მიერ ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” დაწყების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონიდან დაახლოებით 1 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა ბრძანა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დეირ ეზ-ზორის რეგიონში მცირე სამხედრო კონტინგენტს დატოვებს. მიზეზად ნავთობის საბადოებზე შესაძლო წვდომის მოპოვება დასახელდა.

თავის მხრივ, პენტაგონის უფროსმა მარკ ესპერმა დაადასტურა, რომ ამერიკის არმია დეირ ეზ-ზორში, ნავთობის საბადოების დასაცავად თავის პოზიციას აძლიერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად