ერდოღანი: თურქეთი სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი უკან არ დაიხევს და არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას „მშვიდობის წყარო“, რომელსაც ანკარა სირიაში ახორციელებს.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების პროტესტი ანკარას ვერ შეაჩერებს.

„ვინც რაც არ უნდა თქვას, ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯზე უარს არ ვიტყვით… ჩვენ გავასუფთავებთ ევფრატის დასავლეთ ნაწილს, აგრეთვე ტერორისტული ორგანიზაციების აღმოსავლეთ ტერიტორიას, ჩვენ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ ჩვენს საზღვრებთან, რათა დევნილი სირიელები დაბრუნდნენ თავიანთ მიწებზე, თავიანთ სახლებში“, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთისა და ტერორისტების ერთმანეთთან დაპირისპირების შედეგად დაიღუპნენ თურქი ძალოვანები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

ერდოღანის განცხადების მიხედვით, სირიასა და ერაყში მიმდინარე ომები, ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ჩვენ ქურთების წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ ორგანიზაციებს“, – ამბობს ერდოღანი.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ვაშინგტონმა თავის მხრივ, უარი თქვა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციისთვის მხარდაჭერაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თუკი ანკარა, ოპერაციის ფარგლებში ზღვარს გადავა, თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მზად არის ერდოღანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად