ერდოღანი: თურქეთი სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისთვის მზად არის

თურქეთი მზად არის, რომ უახლოეს დღეებში სირიაში, ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Hurriyet-ი ავრცელებს.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, უსაფრთხოების ზონის შექმნის გეგმა ყველაზე ლოგიკური და გონივრული გზაა იმისთვის, რომ სირიელები სამშობლოში დაბრუნდნენ და ეს წინა ოპერაციებით დადასტურდა.

მან დასძინა, რომ ევფრატის აღმოსავლეთიდან, ისინი 2 მილიონი ადამიანის დაბრუნებას გეგმავენ.

”ჩვენ საჭირო მომზადება ჩავატარეთ, შევიმუშავეთ საოპერაციო გეგმები, განაწილებული გვაქვს ინსტრუქციები”, -განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო იქნება და ის შეიძლება  “როგორც დღეს, ისე ხვალ” დაიწყოს.

ბოლო თვეების განმავლობაში, თურქეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიაში ოპერაციის დაწყებისა და ჯარების განლაგებისთვის ემზადებოდა.

4 აგვისტოს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანას რეგიონში უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ, ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში “მოთმინება ეწურებოდა”. სამი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი და შეერთებული შტატები ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად