ერდოღანი: ანკარა სირიაში ოპერაციას მანამდე გააგრძელებს, სანამ ტერორისტული საფრთხე არ აღმოიფხვრება

თურქეთი სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში წარდგენილი გეგმის შესაბამისად ახორციელებს და ბრძოლას მანამდე გააგრძელებს, სანამ ტერორისტული საფრთხე სრულად არ აღმოიფხვრება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

”ჩვენ სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვრებთან ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციების დაწყებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ოპერაცია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად ხორციელდება”,-განაცხადა ერდოღანმა ბაქოში თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (CCTS) თანამშრომლობის სამიტზე.

მისივე თქმით, “ანკარა ოპერაციებს მანამდე გააგრძელებს, სანამ ტერორისტული საფრთხე არ აღმოიფხვრება”.

”გთხოვთ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროთ”,- დასძინა ერდოღანმა.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად