ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზა ეტ-ტაჯიზე, რომელსაც აშშ-ის სამხედროები იყენებენ, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. იერიშის შესახებ ინფორმაციას ერაყი ადასტურებს.

დარტყმა 14 იანვარს განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაშვებული იქნა 5 რაკეტა. ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

8 იანვარს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა, ერაყში არსებული აშშ-ის სხვა სამხედრო ბაზების მიმართულებით დაახლოებით 10 რაკეტა გაუშვა. თეირანის თქმით, ეს იყო მათი პასუხი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე. იმავე ღამეს, თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი, ბორტზე მყოფი ყველა – 176-ვე ადამიანი დაიღუპა. თავიდან ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო, ხოლო მოგვიანებით აღიარეს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, იგი უნებლიედ ჩამოაგდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სულეიმანი ამერიკის საელჩოების აფეთქებას აპირებდა. სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, თუ სად და როდის უნდა მომხდარიყო ეს აფეთქებები, თუმცა, მისი თქმით, ეს საფრთხე რეალური იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად