ერაყის პრემიერის გადადგომის მიუხედავად, ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება

ერაყის პარლამენტი პრემიერმინისტრ ადელ აბდელ მაჰდის გადადგომის თაობაზე საგანგებო სხდომას გამართავს. მანამდე, პოლიტიკოსმა თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე წერილი გაავრცელა და ასევე მოითხოვა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე შესაბამისი კანდიდატურა მალე წარადგინონ, რათა ქვეყანაში საპროტესტო აქციები შეწყდეს.

მისი განცხადების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მინიმუმ 58 დაშავდა. როგორც სააგენტო AP-ი იტყობინება, ქვეყანაში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

30 ნოემბერს, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია ბაღდადსა და ერაყის სამხრეთ ქალაქებში გამართეს. ისინი ხელისუფლებაში სიღრმისეულ ცვლილებებს მოითხოვენ. მომიტინგეებმა ტაძრის შესასვლელთან ცეცხლი აანთეს, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მიმდინარე ტალღა, რომელიც ოქტომბრიდან მიმდინარეობს, 2003 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. მაშინ სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს. საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაშავდა და მინიმუმ 500 დემონსტრანტი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად