“ენმ” მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, რომელიც ივნისის თვეში, თბილისში უნდა გაიმართოს.
ასევე, “ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს” საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

“რუსეთს რამდენიმე ფრონტის ხაზი აქვს გახსნილი ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ერთერთი ფრონტის ხაზი გადის ფსევდორელიგიური ერთობის თემის წინ წამოწევით და ამის შემადგენელი ნაწილია ის, რაც უახლოეს დღეებში მოხდება საქართველოში, როდესაც შეიკრიბება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა”.

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უარს აცხადებს ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ასამბლეას გახსნისას სიტყვით  მიმართავს სერგეი გავრილოვი​.

“გავრილოვი, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ასევე მოლდოვაში აქტიურად იბრძვის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მთავარი ზეგავლენის ბერკეტად ჩვენს ქვეყნებზე განიხილავს რელიგიას. გავრილოვი არის ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე, რადგან ისინი ერთად მონაწილეობდნენ და უწყობდნენ ხელს ბ-ნ ლებედს მის საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გასცეს შესაბამისი განკარგულება, რათა გავრილოვს არ მიეცეს შესაძლებლობა, შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი. ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რადგან მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და სწორედ ეს არის გზა, რომლითაც სახელმწიფო უნდა უპირისპირდებოდეს დღეს რუსეთს იმ თავდასხმაში, რომელსაც ის ახორციელებს ჩვენ სახელმწიფოზე”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...