ენმ-მა მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მეორედ დაარეგისტრირა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

თინა ბოკუჩავა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილთნ ერთად მივიდა, რომელიც დღეს დილიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის პარლამენტში მიმდინარე მოსმენას თვალს “ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახიდან ადევნებს.

„წინა ჯერზე, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საგამოძიებო კომისიის საკითხი, საფუძვლად მოიყვანა მთავარი პროკურორის განცხადება, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდებოდა და დასკვნით განცხადებას გააკეთებდნენ 6 მაისის შემდეგ, ორი თვის ვადაში. მას შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა, ხედავთ , რომ ეს განცხადება ისეთივე ყალბი იყო, როგორც შალვა თადუმაძის დიპლომი, რადგან ხუთი თვის მერეც არანაირი დასკვნითი განცხადებები არ გაკეთებულა, არ დასრულებულა ეს საქმე. მალხაზ მაჩალიკაშვილს, თემირლანის ოჯახს, საზოგადოებას არ აქვთ კითხვებზე პასუხები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავიდან მივმართოთ პარლამენტს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საჭიროა სულ 50 დეპუტატის ხმა“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა არ დააკონკრეტა გვარები, ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი მმართველი პარტიიდან კომისიის შექმნის ინიციატივას.

„აქამდე, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, სამწუხაროდ, კოლექტიურ და მონურ მორჩილებას ვხედავდით, ძალიან მცირე გამონაკლისებით. გვახსოვს, მარიამ ჯაში, რომელმაც ნიკა მელიას დაჭერას არ მისცა ხმა, ასევე, რომან კაკულია, შეიძლება ერთეულები მოიძებნონ „ოცნებაში“, რომელთაც ესმით, რომ შვილმოკლულ მამას უნდა ჰქონდეს პასუხები”,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ: პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. აღნიშნულ ინიციატივას საგაზაფხულო სესიაზე კენჭი ერთხელ უკვე უყარეს, თუმცა, საკითხი ჩავარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად