“ენგურჰესი” 15 თებერვლიდან აფხაზეთის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდებას დროებით შეუწყვეტს

„ენგურის ჰიდროელექტროსადგურის“ ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა „აიპრესთან” ამბობს, რომ მიზეზი წყლის მარაგია.

გია ხუბუა: „ეს არ ყოფილა დაგეგმილი. წყლის ცოტა მარაგი გვაქვს. დაახლოებით 15 თებერვლისთვის წყლის მარაგი ამოიწურება. აქედან გამომდინარე, თავისთავად მოხდება გაჩერება.
აფხაზეთის გარდა, საქართველოს საქართველოს სხვა რეგიონს „ენგურჰესის“ გაჩერება არ დააზიანებს, რადგან ახლა რასაც გამოვიმუშავებთ აფხაზეთს მიაქვს.
რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, რა თქმა უნდა მათთვის ცუდია. უკვე ემზადებიან იმისთვის, რომ ელექტროენერგია იყიდონ, ალბათ, რუსეთიდან.
ჩვენი გათვლებით, წყალი, რომელიც ახლა გვაქვს 15 თებერვლამდე მიგვიყვანს. როგორც წესი 15 მარტამდე წყალის შემოდინება არ იწყებს გაზრდას. აქედან გამომდინარე ერთთვიანი დეფიციტი გაჩნდება.
ჩვენ გავჩერდებით გარკვეული გრაფიკით. შეიძლება დღის საათებში გავჩერდეთ  და პიკის საათებში ვიმუშაოთ. მაგრამ, ეს იქნება საკმაოდ მცირე ოდენობით.

„აიპრესი“: აფხაზეთში, დღის განმავლობაში რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარენ?

გია ხუბუა: წელს ყველა რეკორდი მოხსნეს. გუშინ წინ  9 მილიონ ნახევარი კილოვატ საათის ელექტროენერგია მოიხმარეს დღე-ღამეში. გუშინ, 8 მილიონ ნახევარი კილოვატ საათი მოიხმარეს. ეს უზარმაზარი ციფრია. “ენგურჰესს” ზამთარში ამდენის გამომუშავება არ შეუძლია.

„აიპრესი“: რა არის მიზეზი?

გია ხუბუა: არ არის გამრიცხველიანება, დღისით ანთია ნათურები, ტარიფი ძალიან იაფია, შემოაქვთ საამქროები სოჭიდან, სხვა ქალაქებიდან… წლიდან წლამდე მომხმარებელი იზრდება. ამაზე წლებია ვსაუბრობთ, მაგრამ, რეაგირება ვერ მოხდა.

ისინი ყოველწლიურად უმატებენ ელექტროენერგიის მოხმარებას. უკვე მივედით იმ ზღვრამდე, როცა მათი დაკმაყოფილება არ შეგვიძლია, ზამთრის პერიოდში.

„აიპრესი“: არის თუ არა ამის შესახებ მთავრობა ინფორმირებული?

გია ხუბუა: რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცის სამინისტრომ, “ელექტროსისტემამ” და ყველამ ვინც უნდა იცოდეს.
განა მარტო წელს? უკვე 10 წელია ასე ხდება. შარშანაც იყო პრობლემა. წელს უფო გამწვავდა რადგან მცირეწყლიანი წელია. შარშანდელთან შედარებით გაიზარდა მოხმარება.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად