ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები საბავშვო ბაღებში – ინოვაციური პროექტი ბათუმში

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. დღეს ბათუმის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, პროექტ – „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და ევროკავშირის შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება“ ფარგლებში, შეთანხმება უკვე გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და KfW-ს წარმომადგენელმა კლაუს ფაიგელმა მოაწერეს.

პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას საჯარო შენობების, ძირითადად საბავშვო ბაღების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მოდერნიზების მიზნით.

პროექტის მეორე კომპონენტი გულისხმობს სადემონსტრაციო პროექტის რეპლიკაციას ეროვნულ დონეზე.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან ერთად, ენერგოეფექტური მასალების მიმართულებით ქართული ბაზრის განვითარება წარმოადგენს.

სადემონსტრაციო პროექტი საგრანტო ფონდებით ფინანსდება. გრანტის ოდენობა 5.722 მილიონ ევროს შეადგენს. დაფინანსება სამომავლოდ 1.8 მილიონი ევროს ოდენობით გაიზრდება.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება და ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...