ენერგეტიკული სექტორის გამოწვევები პანდემიის პირობებში და შემდგომ – ინტერვიუ დავით მირცხულავასთან

” დღეს ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა  კარანტინი, ნაწილობრივი ან უფრო ხშირად სრული თვითიზოლაცია. და, ეს ერთადერთი მეთოდია მთელ მსოფლიოში რათა მოხდეს ავადმყოფობის „დატვირთვის პიკის“ მნიშვნელოვანი დაწევა ჯანდაცვის სისტემაზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, რეანიმაციულ განყოფილებებზე. ფაქტიურად მსოფლიომ მიიღო სიტუაცია, როცა პანდემიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი (ეკონომიკური გავლენის  შეფასების პროგნოზი)  სრულად არის დამოკიდებული  კარანტინის ვადებზე და თუ გნებავთ ასეთი კარანტინის  სიმკაცრეზე.” – აცხადებს “აიპრესთან” ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა.

 ბატონო დავით,   თებერვალში თქვენთან ინტერვიუს დროს,  ძირითადი თემა იყო საინვესტიციო კლიმატი ენერგეტიკაში . თქვენ ასევე შეეხეთ  ეპიდემიის შესაძლო გავლენას ეკონომიკაზე, ენერგეტიკაზე. დღეს, ფაქტიურად უკვე გლობალური ეპიდემიაა, უამრავ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, მსხვერპლი, კარანტინი, თვითიზოლაცია და . . უდიდესი დარტყმაა თითქმის  ყველა ქვეყნის  ეკონომიკაზე. როგორი იქნება ამ ეპიდემიის გავლენა  ენერგეტიკაზე ?

სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კორონა ვირუსული ინფექციის გავრცელებას მოჰყვა განსხვავებულია  და არ ჰგავს  არც ერთ ადრინდელ კრიზისს, რომლებიც გარკვეული ციკლებით  მეორდებოდა  მსოფლიოში. კრიზისმა  შოკში ჩააგდო ეკონომიკა და ალბათ, ამის მიზეზი მნიშვნელოვნად არის ის დიდი გაურკვევლობა, რომელიც თვით ამ ახალ ვირუსს, მის არცოდნას უკავშირდება.

მაგალითად, როგორც  ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ ჯერ ჯერობით  არავინ იცის მისი მუტაგენურობა, ან მაგალითად აქვთ თუ არა იმუნიტეტი ადამიანებს ვინც ეს დაავადება გადაიტანა, რა დროში იქნება ვაქცინა  და  ასე შემდეგ, მოკლედ უამრავი კითხვაა. დღეს ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა  კარანტინი, ნაწილობრივი ან უფრო ხშირად სრული თვითიზოლაცია. და, ეს ერთადერთი მეთოდია მთელ მსოფლიოში რათა მოხდეს ავადმყოფობის „დატვირთვის პიკის“ მნიშვნელოვანი დაწევა ჯანდაცვის სისტემაზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, რეანიმაციულ განყოფილებებზე. ფაქტიურად მსოფლიომ მიიღო სიტუაცია, როცა პანდემიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი (ეკონომიკური გავლენის  შეფასების პროგნოზი)  სრულად არის დამოკიდებული  კარანტინის ვადებზე და თუ გნებავთ ასეთი კარანტინის  სიმკაცრეზე.

ეკონომიკის აღდგენაც პოსტ კრიზისულ პერიოდშიც სწორედ იგივე ფაქტორზეა დამოკიდებული. ეკონომიკური კრიზისის შედეგების შეფასებაც კი,  მისი „სიღრმის“  დღეს მხოლოდ წინასწარაა და სხვადსხვა წყარო განსხვავებულ ციფრებს ასახელებს, თუმცა ყველა ეს ციფრი საკმაოდ მძიმეა. მაგალითად შედარებით ოპტიმისტური: მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ეკონომიკური  რეცესია იქნება ყველაზე სერიოზული წინა საუკუნის 30 -იანი წლების  „დიდი დეპრესიის“ შემდეგ.  მრავალი ცნობილი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ დღეს არსებულ   კრიზისს თავისი სიღრმით და მრავალმხრივობით აქვს შანსი გახდეს ისეთივე ტრანსფორმაციული კრიზისი, როგორიც იყო სწორედ 30-იანი წლების კრიზისი, რომელმაც არა მარტო დიდი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია, არამედ მოახდინა სრული  გარდაქმნა მაშინ  არსებული ეკონომიკური  თუ პოლიტიკური ინსტიტუტების. ფაქტი სახეზეა, რომ გვაქვს სიტუაცია, როდესაც თითქმის  მთელმა მსოფლიომ, როგორც ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს მიიღო მორალური გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობის, ავადმყოფი ადამიანების გადარჩენის, მათი სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის და შეგნებულად „გააჩერა“ ეკონომიკა,  ამის გამო კი  მიიღო   5-6%-იანი მშპ  დანაკარგი.  დაუკვირდით ციფრებს მსოფლიო ბანკის მონაცემებით მსოფლიოში მშპ 2020 წელს შემცირდება -3%, აშშ   მშპ – 5.9%,, ევროკავშირის ქვეყნებში  -7.5%, დიდი ბრიტანეთი -6.5%  და ასე შემდეგ.

რა ხდება ამ დროს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე?

ენერგეტიკულ სფეროში ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე  მოხდა მოთხოვნის ნახტომისებური შემცირება.  მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში  სამანქანო საწვავზე მოთხოვნა შემცირდა 70%-ით.  საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში შემცირებულია 29 მილიონი ბარელით. ეს რეკორდული რიცხვია ნავთობის ბაზრის მთელი ისტორიის მანძილზე  და ეს ხდება ნავთობზე მინიმალური ფასის პირობებში. ბუნებრივია, რომ 4 მილიარდი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა ერთმნიშვნელოვნად აისახა ნავთობსა და  ნავთობპროდუქტების მოთხოვნაზე.   ჩინეთში, დამოუკიდებელი შეფასებებით და არა ჩინურით,  ეპიდემიის საწყის ეტაპზე,  მხოლოდ იანვარ-თებერვალში  საწვავზე მოხმარებამ მოიკლო 20-30%-ით,  მოხმარება 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიკლებს წლის ბოლოსათვისაც. ნედლი ნავთობის იმპორტიც ჩინეთში მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული და, როგორც ამ სფეროს  მრავალი ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეს უფრო საშიში იქნება ამ დარგისათვის თავისი გრძელვადიანი  შედეგებით ვიდრე მაისის გახმაურებული  ფიუჩერსები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უამრავ ნავთობის და გაზის მსოფლიო წამყვან კომპანიებში მცირდება  საინვესტიციო თანხები და ეს შემცირება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ოდენობის იქნება, მაგალითად,  აშშ ში  ეს შემცირება იქნება  40-60% მდე. ეს ფაქტიც, პერსპექტივაში ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ამ დარგისათვის.

ჯერ-ჯერობით გაზის სექტორში არ გვხდება ისეთივე ვარდნა როგორიც ნავთობის სექტორში,  თუმცა მოთხოვნის შემცირება აქაც  ძალიან შთამბეჭდავია.  გაჩერებული კომერციული ორგანიზაციები, ტურიზმი. მრეწველობა, შემცირებული მოთხოვნა ენერგო გენერაციიდან და ასე შემდეგ.  განსხვავება ნავთობის მოხმარებასთან   პირველ რიგში დაკავშირებულია, რომ კარანტინის გამო შემცირდა უპირველესად  სწორედ სატრანსპორტო სექტორი, სადაც გაზის როლი შედარებით მცირეა. ევროპულ ბაზარზე, ბირჟაზე  წელს აპრილის ბოლოს ბუნებრივი გაზის  ფასი „ ერთი თვით ადრე“ იყო 67 აშშ დოლარი 1000 მ3, ხოლო „ერთი დღით“  ადრე 60 აშშ დოლარი, ამავე პერიოდში ბრიტანულ ჰაბბზე, ზოგიერთ დღეებში ფასი დავარდა 43 აშშ დოლარამდე. რაც ასევე ძალიან საინტერესოა,  დღეისათვის ზოგიერთ ევროპულ ჰაბბზე გაზის ფასი  უფრო ნაკლებია ვიდრე „ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაკადის“  მშენებელი რუსეთის შიდა ბაზარზე და ეს იმის გათვალისწინებითაც  თუ რა უჯდება რუსეთის ბიუჯეტის ერთერთ ძირითად დონორს „გაზპრომს“ ევროპაში მიწოდებული გაზის საბოლოო საექსპორტო ფასი, 30% -იანი საექსპორტო  და ტრანსპორტირების გადასახადებით.

ეს ცვლილებები, კლებას ვგულისხმობ, საქართველოს ალბათ არ შეეხება…

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ფასებს საქართველოში,  ძალიან სამწუხაროდ ის კვლავაც ძალიან მაღალია და ზემოთ მოცემულ  ევროპულ ფასებზე  შეიძლება მხოლოდ ვიოცნებოთ. ეს  ეხება, როგორც საყოფაცხოვრებო სექტორში,  ეგრეთ წოდებულ  „სოციალური გაზს“ ასევე განსაკუთრებით  კომერციულ სექტორს. მითუმეტეს, რომ ეს ძალიან მძიმეა ყველასათვის ნებისმიერი ბუნებრივი გაზის მომხმარებელი კომპანიისათვის დაწყებული ქიმიური ქარხნებიდან და დასრულებული  გაზგასამართი სადგურებისთვის  და რა თქმა უნდა პირველ რიგში გაზის ფასი მძიმეა   საექსპორტო პროდუქციის შემქმნელი საწარმოებისათვის, რომელთაც საერთაშორისო ბაზრებზე უწევთ კონკურენცია და ბუნებრივი გაზი მათი პროდუქციის შექმნაში ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია. ამ კრიზისულ პირობებში მიმაჩნია ხელისუფლებამ  უნდა მოძებნოს ძალიან  სწრაფი გამოსავალი  გაზის კომერციული ორგანიზაციებისათვის  ფასებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვნად მცირდება  ასევე მოხმარება ელექტროენერგეტიკულ სექტორში  და ამას რეალურად ვაკვირდებით საქართველოშიც.

სწორედ ელექტროენერგეტიკულ სექტორს უკავშირდება შემდეგი კითხვა. ერთი შეხედვით, ელექტროენერგეტიკულმა სექტორმა ადეკვატურად უპასუხა კრიზისულ სიტუაციასარ შექმნილა რაიმე გართულება, მაგრამ, მინდა გკითხოთ რა ახალ რისკებს წარმოშობს აღნიშნული კრიზისი? ეკონომიკის ვარდნა  როგორ აისახება ამ უმნიშვნელოვანეს დარგზე?

თითქოს ერთი შეხედვით, ამ ეტაპზე  ელექტროენერგია მოთხოვნის კუთხით გაცილებით ნაკლებ დამოკიდებულებას ავლენს ნავთობთან და გაზთან შედარებით მშპ-სთან მიმართებაში, მაგრამ კრიზისის ზემოქმედება ამ სექტორში  საკმაოდ დიდია და სამწუხაროდ ეს ზემოქმედება  გაიზრდება. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა და ეს ტენდენცია გრძელდება, მოიკლო მოხმარებამ სამრეწველო სექტორში, ტურისტულ სექტორში. მცირე და საშუალო ბიზნესში, ტრანსპორტში და ასე შემდეგ.

საკარანტინო შეზღუდვები ამცირებს მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. მრავალ ქვეყანაში ერთი საინტერესო ფაქტი აღინიშნა კარანტინის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ   შეცვალა  დღეღამური დატვირთვის გრაფიკი, ის უფრო თანაბარი ხდება დღის განმავლობაში.

ამ ეტაპზე,  საქართველოს გენერაციისათვის, როდესაც დაგვიანებული წყალდიდობების პერიოდი იწყება, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ძირითად წყალსაცავებში და რა თქმა უნდა უპირველესად ენგურჰესის წყალსაცავში მოხდეს წყლის მაქსიმალურ ნიშნულამდე შევსება და საქართველოს ენერგოსისტემისათვის აუცილებელი სტრატეგიული მარაგის შექმნა. წყლის დონე ამ პერიოდისათვის საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა და აუცილებელია რეჟიმების ისე დაგეგმვა,  რომ წყალსაცავი აუცილებლად შეივსოს მაისის თვის განმავლობაში  მისი დღევანდელი კრიტიკულად დაბალი ნიშნულის გათვალისწინებით  და დაგროვდეს ქსელში გაშვებული ენერგიის გარდა, დაახლოვებით 200-230 მილიონი კილოვატსაათის  ან ცოტა მეტის ექვივალენტური წყლის მოცულობა. ეს დაახლოებით მაისის ბოლოსთვის 1 ივნისისათვის გულისხმობს  465-475 მ ნიშნულამდე წყლის დონის აწევას, ბუნებრივია ამ ობიექტზე წყლის  შევსების რეგლამენტის უმკაცრესი დაცვით, რაც თავისთავად კავშირშია თაღოვანი კაშხლის და ნაგებობის ფუძის მდგრადობასთან და უსაფრთხოებასთან. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ   მომავალ თვეებში წყალსაცავის შევსების პროცესში არ დადგეს პრობლემა მაქსიმალური 510 მ  ნიშნულამდე  დონის შევსების. მითუმეტეს, რომ ყველა პროგნოზით და მონაცემით, ჰიდროლოგიური თვალსაზრისით  არც ისე სახარბიელო წელიწადთან გვაქვს საქმე.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო მთელ რიგ ქვეყნებში ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებმა ელექტროენერგიის საფასურის  და სხვა კომუნალურ გადახდებთან დაკავშირებით მოხდინეს  საყოფაცხოვრებო სექტორში დროებითი „შერბილება“. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, აშშ-ი და ასე შემდეგ  უმეტეს ქვეყანაში  დახმარების მეთოდად გადახდების სხვადასხვა ვადით გადავადება იქნა არჩეული. ჩვენ ქვეყანაში კი  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის  მოხმარების გადასახადის სრული სუბსიდირება რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული მომხმარებლისათვის,  ეს სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.

თუმცა, პანდემია აუცილებლად გამოიწვევს ენერგეტიკულ კომპანიებში ინვესტიციების შემცირებას, ამ გამოწვევას როგორ უნდა გაუმკლავდეს სექტორი?

ელექტროენერგეტიკული დარგისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა  ენერგეტიკულ კომპანიებში  ინვესტიციების შემცირება.  მხედველობაში მაქვს უკლებლივ  ყველა ენერგეტიკული კომპანია, სადისტრიბუციო, გადაცემის და გენერაციის კომპანიები, შემოსავლების შემცირებასთან ერთად ეპიდემიასთან დაკავშირებით, ვალუტის კურსთან და ასე შემდეგ. არის ძალიან  დიდი რისკი აუცილებელი სარეაბილიტაციო  სამუშაოების გადადების ,მიმდინარე რემონტების საიმედოობის გასაუმჯობესებელი სამუშაოების  შეწყვეტის და ასე შემდეგ. როგორც ევროპელი ექსპერტები ამბობენ ევროპული კომპანიებშიც შემცირებული იქნება ინვესტიციები 10-15% ით. ჩვენთან ეს გაცილებით დიდი ციფრი იქნება და რეალურად  ამ კომპანიების ეკონომიკური მდგრადობა  და რაც ძალიან საშიშია ტექნიკური,  უაღრესად გართულებული  სამართავი იქნება და ეს ფაქტი მეტად საყურადღებოა და ძალიან  დიდ ხელშეწყობას და ყურადღებას  მოითხოვს  სახელმწიფოსგან.

ზემოთ არ ვსაუბრობდი მარტო „დიდ“  მაგალითად სადისტრიბუციო კომპანიებზე: „თელასი“, “ენერგო პრო“ არამედ ისეთ მცირე და საშუალო კომპანიებზეც, როგორსაც მაგალითად მცირე ჰესები წარმოადგენენ. ეს კომპანიები ძირითადად ახალი შექმნილი, ახალად აშენებული ჰესებია და მათი დიდი უმრავლესობა ემსახურება მათ მიერ მშენებლობისათვის  აღებულ საბანკო კრედიტებს. ამიტომ მათთვის შემოსავლების შემცირების რისკი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, დაახლოვებით 3-4  წლის წინ ამ ჰესების მიმართ მიღებულმა გაუაზრებელმა და მეტიც დისკრიმინაციულმა გადაწყვეტილებამ, როცა  ამ დერეგულირებული ჰესების ტარიფი ხელოვნურად საბაზროსთან შედარებით შეამცირეს და  დააკავშირეს  რეგულირებად „ხრამჰესის“  ტარიფთან. ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად შეუმცირა მათ შემოსავალი, რისკის ქვეშ დადგა ყველა ამ ორგანიზაციის ლიკვიდურობა  და რეალურად ისინი  ბანკროტობის წინაშე აღმოჩნდნენ. ასეთმა ქმედებამ არნახული ზიანი მიაყენა ამ მცირე და საშუალო ჰესებს- ფაქტიურად მცირე და საშუალო ბიზნეს ენერგეტიკის სფეროში. დიახ, ეს იყო სახელმწიფოს მიერ განხორციელებული,  გამოუსწორებელი დარტყმა საინვესტიციო კლიმატზე ენერგეტიკის სფეროში.  სახელმწიფოში მორატორიუმია გამოცხადებული,  ის არ უფორმებს ენერგიის შესყიდვის გარანტირებულ გრძელვადიან  ხელშეკრულებებს  მცირე და საშუალო ჰესების დეველოპერულ კომპანიებს, რითაც ისედაც არა პროგნოზირებად გარემოს ქმნის ინვესტორისათვის და ეს საკაოდ დიდი რისკია და ამ დროს ანხორციელებ ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებაში ჩარევას,  თამაშის წესების  ხელოვნურ ცვლილებას და უპირობოთ ვიღებთ გრძელვადიან შედეგს: მომავალ ინვესტორს ეკარგება ყოველგვარი სურვილი  შემოვიდეს ამ სფეროში და განახორციელოს ინვესტიცია და ამით დარტყმას ვაყნებთ ქართულ ეკონომიკას.  მთელ რიგ ქვეყნებში ყოველთვის და მითუმეტეს  ასეთი მძიმე კრიზისის  სიტუაციაში მწვანე ენერგიის წყაროებზე,  განიხილება მხარდაჭერის მექანიზმები, რაც ვფიქრობ ჩვენთანაც აუცილებელია იქნეს გამოყენებული და  ამ მხრივ ხელშემწყობი მექანიზმის შექმნაზე მუშაობა გაგრძელდეს. და  მეტად კარგი ამბავი, რაც ამასწინათ გავიგე ამ კრიზისულ პერიოდში  არის  სწორედ ასეთი მცირე ჰესების გადაწყვეტილება, რომ გარკვეული „დისკაუნტით“- საშუალო ბაზრის ფასებთან შედარებით გამომუშავებული  ელექტროენერგია მიაწოდონ  პირდაპირ მომხმარებლებს ზაფხულის პერიოდში და ამით ეპიდემიის პირობებში დაეხმარონ საქართველოს  კომერციულ სექტორს  და  ესე იგი ქართულ ეკონომიკას.

 ბატონო დავით, თქვენ ადრე აღნიშნეთ, რომ  პოსტ კრიზისულ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისათვის და შემდგომი განვითარებისათვის სწორედ  ენერგეტიკაში შეიძლება შემოვიდეს.

დიახ, ამის ნამდვილად მჯერა, ჩვენი მთავარი განახლებადი რესურსის – ჰიდრო პოტენციალის ინტენსიურ ათვისებას, როგორც ქარის ასევე მზის წყაროების  სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება საქართველოს ეკონომიკისათვის  და მისი მოსახლეობის მომავალი კეთილდღეობისათვის. ადრე ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპებიც, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების  შემადგენელ ნაწილს, მოითხოვს აუცილებელ გადახედვას. ეს ეხება რეგიონალურ თანამშრომლობასაც  ენერგეტიკაში, ჩვენ გაცილებით ენერგეტიკულად დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ. შეგახსენებთ ჩვენი ენერგეტიკა თითქმის 70%   დამოკიდებულია იმპორტზე. აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრი  და კიდევ ზოგიერთებისათვის  ვიტყვი, რომ  ეს „ლოზუნგი არაა“, როგორც ბევრს ჰგონია ეს  უმნიშვნელოვანესი პარამეტრი რეალურად  დათვლადია. ახლი ცხოვრება, პანდემიის შემდგომი გულისხმობს და მოითხოვს ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიას, რომლის დამუშავებასაც უამრავი მცდელობების მიუხედავად 30 წლის განმავლობაში, იქნებ ახლა მაინც  დაადგეს საშველი.

    თქვენ აღნიშნეთ, რომ ენერგეტიკულ კომპანიებში შემცირდება ინვესტიციები და ვერ ჩატარდება შესაბამისი სარემონტო, სამშენებლო, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სამუშაოები. ხომ არ შეუქმნის ეს პრობლემას მომხმარებლებს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდების კუთხით?

დიახ  ეს ასეა, რამდენი პროცენტით შემცირდება სხვადასხვა კომპანიებში ინვესტიციები აქ ამაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს ფაქტია მოხდება და მთელი მცდელობა ამ დიდი თუ მცირე კომპანიების  მენეჯმენტის მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ სწორედ შეირჩეს ტექნიკური პრიორიტეტები და შედგეს ახალი  საგზაო რუქა აუცილებლად განსახორციელებელი სამუშაოების, რათა არ მოხდეს კომპანიების ელექტროენერგეტიკული, ჰიდრომექანიკური   მოწყობილობების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და ასე შემდეგ საექსპლუატაციო საიმედოობის პარამეტრების გაუარესება.  იმედია, სახელმწიფოს მხრიდან  შესაბამისი ხელშეწყობით, რაც ამ კრიზისულ ეტაპზე აუცილებელია, ენერგეტიკული კომპანიები  მართლაც რეალურად მძიმე ეკონომიკური, ფინანსური სიტუაციის მიუხედავად ამას მოახერხებენ.

   რამდენიმე პუბლიკაცია  იყო პრესაში  გარემოს დამცველების მხრიდან, კერძოდმწვანე ალტერნატივის“, სადაც საუბარი იყო  „დიდაჭარის კაშხლიდან“  წყლის ფილტრაციაზე და ასევე შუახევი ჰესის  გვირაბის გასწვრივ ახალ ფილტრაციის წყაროებზე. გაქვთ თუ არა ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია?

 გამოქვეყნებულ  ინფორმაციას მეც გავეცანი, თუმცა აუცილებელია  დაკვირვებების  სრული ინფორმაციის გაცნობა,  მათი შეჯერება ამ ჰესის ცალკეული  ნაგებობების  უსაფრთხოების  კრიტერიალურ მახასიათებლებთან  და მხოლოდ ამის შემდგომ  სერიოზული საუბარი: გვაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი. დარწმუნებული ვარ, ჰესის მენეჯმენტს ყველა ეს მასალა გააჩნია და ჰესი ნაგებობების უსაფრთხოების და საიმედო ექსპლუატაციის კვლევას და ანალიზს სათანადო ყურადღებას  შიდა რეგლამენტების საფუძველზე  უთმობს. გარდა ამისა,  როგორც ნამდვილად  ვიცი,  დღესდღეობით სახელმწიფოც თავის მხრივ არ  ტოვებს  არც ერთ ასეთ სიგნალს ნებისმიერ ენერგეტიკულ ობიექტზე  უყურადღებოდ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად