ენერგეტიკის სამინისტროს განცხადება და “რუსთავი 2”-ის პასუხი

27 ივლისს რუსთავი2-ის ეთერში გაშვებულ სიუჟეტთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ენერგეტიკის სამინისტროში რუსთავი 2-ის ეთერით გასულ ინფორმაციას, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, დეზინფორმაციას და სიცრუეს უწოდებენ.

 

„სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და მოქალაქეები შეყავს შეცდომაში. 27 ივლისს „რუსთავი2-ის“ ეთერით გასული სიუჟეტი – მოსახლეობისთვის ბუნებირვი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არის დეზინფორმაციული და ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას. ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მხრიდან სიცრუის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად ტელეკომპანია “რუსთავი 2“ კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედია საშუალებასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი უწყების პოზიციით არ ინტერესდება.

მოგახსენებთ, რომ მილსადენებზე დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. "შაჰ-დენზის" სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებირვი აირით მოარაგება ”ყაზახის” ძველი მილსადენით განხორციელდება. ხოლო ”ყაზახის” მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნბრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, "შაჰ-დენიზის” მილსადენი უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მილსადენების გამართული ფუნქციონიერების მიზნით გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველ ზაფხულს ხორციელდებოდა და ეს ყოველწლიური რუტინა არასოდეს ყოფილა არც მედიის და მითუმეტეს არც პოლიტიკოსების ინტერესის თემა. საინტერესოა, რის საფუძველზე ან რა მიზნით გადაწყვიტა არხმა აღნიშნულზე სიცრუის აწყობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და შევახსენებთ ყველას, ამ შემთხვევაში კონკრეტულად კომპანია „რუსთავი-2“-ს, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნებისმიერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაცია გადაამოწმონ უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 „ძალიან სამწუხაროა, რომ განცხადების ავტორებს ნანახიც არ აქვთ ის სიუჟეტი რის თაობაზეც განცხადებას ავრცელებენ“, – სწორედ ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი, სამინისტროს განცხადებას. როგორც ლაფერაშვილი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, სიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის, მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის კომენტარი დაფიქსირებული იყო.

 „ძალიან სამწუხაროა, რომ განცხადების ავტორებს ნანახიც არ აქვთ ის სიუჟეტი რის თაობაზეც განცხადებას ავრცელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ არ არის ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქვეყანაში მარიამ ვალიშვილია, რომლის კომენტარი აღნიშნულ სიუჟეტში იყო. უცნაურია ისეთი პასაჟი, სადაც საუბარია რომ "რუსთავი 2“ სამინისტროს პოზიციით არ ინტერესდება“, აცხადებს ლაფერაშვილი.

რაც შეეხება კომპანია "სოკარს“ ლაფერაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად ტელეკომპანიის არაერთი მცდელობისა, კომპანიამ კომენტარზე უარი განაცხადა.

"როდესაც ვსაუბრობთ რუსულ ვალზე, ჩაწერილი იყო ფინანსთა მინისტრი, რომელიც აცხადებდა, რომ ინფორმაციას არ ფლობს ამ ვალთან დაკავშირებით. ინფორმაციის პირველწყარო იყო სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, და თუ რამე პრეტენზიები აქვთ, მათ შეუძლიათ თავის ყოფილ კოლეგას მიმართონ“, – აცხადებს ლაფერაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად