ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა”  ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტის განვითარებისთვის ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ნამახვანის პროექტი მოიცავს ორი ჰესის მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. პროექტის განხორციელების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება“.

პროექტის ღირებულება 730 მილიონი დოლარია, პროექტი განთავსებულია წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” განმარტავს, რომ პროექტი პასუხობს საქართველოს გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე და  ემსახურება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. მთავარი მიზანი ენერგოუსაფრთხოების გაზრდა, რიონის პოტენციალის გამოყენება და  ზაფხულში ელექტროენერგიის ექსპორტია. დაინტერესებულ კომპანიებს დოკუმენტაციის წარდგენა 2 თებერვლამდე შეუძლიათ. კასკადის ექსპლუატაციაში მიღება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფი.

ნამახვანჰესის პროექტის საბაზისო დიზაინი მოამზადა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ – „სტუდიო პიეტრანჯელიმ”. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ალტერნატიული, შემოვლითი გზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში. გავლენის არეალში მოხვედრილ მოსახლეობას დაუკანონდა ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, აშენდა პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი – ხიდი მდ. რიონზე სოფელ ჟონეთთან.

თავდაპირველად “ნამახვანჰესი” იყო ერთსაფეხურიანი დიდი პროექტი, თუმცა იმის გამო, რომ ტვიშის ვენახები იტბორებოდა, ხელისუფლებამ ეს პროექტი დაიწუნა და მისი დანაწევრება მოხდა. შემდეგ, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მოტივით, პროექტი ისევ შეიცვალა და მას მესამე საფეხური ჩამოეჭრა.

ახალი პროექტი მიუღებელია გარემოს დამცველებისთვის. ისინი ადასტურებენ, რომ ეკოლოგიაზე წნეხი შერბილებულია, თუმცა მათი მტკიცებით ოპტიმალური ვარიანტი არც ეს არის.

წყარო: კომერსანტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად